თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც 2017 წლის ექვს თვეშუ ქვეყანაში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსი მიიღეს.
სტატუსის მისაღებად სამინისტროს იანვრიდან უცხოეთის 379-მა მოქალაქემ მიმართა.
რაოდენობრივად ყველაზე მეტმა მოქალაქემ სამინისტროს დახმარებისთვის მიმართა ერაყიდან (69 ადამიანი), თურქეთიდან (41) და ეგვიპტიდან (38).
საქართველოში თავშესაფრის მიღების მსურველთა პირველ ხუთეულში არიან ასევე ინდოეთი (24) და რუსეთი (22).
მათ შორის ლტოლვილის სტატუსი მიიღო მხოლოდ 24-მა უცხოელმა, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი — 22-მა.
უცხოეთის 24 მოქალაქიდან ექვსი ირანის მოქალაქეა, ხუთი — სუდანის, ოთხი რუსეთის და ამდენივე — აზერბაიჯანის, სამი — პაკისტანისა და თითო-თითო — ირანისა და ტაჯიკეთის.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის მიიღო უზბეკეთის 13-მა მოქალაქემ, ერაყის შვიდმა, სირიისა და შრი-ლანკას თითო-თითო მოქალაქემ.
თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადეს 169 მოქალაქეს, კიდევ 128 საქმე შეწყვიტეს პირადი განცხადების ან გამოუცხადებლობის გამო.
საქართველო ლტოლვილისა და ჰუმანიტარულის სტატუსს 2012 წლის მარტიდან გასცემს, რასაც შესაბამისი კანონი "ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ" არეგულირებს.
ლტოლვილის სტატუსი ენიჭებათ პირებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად საქართველოში ცხოვრობენ. ასევე მათ, ვისაც თავის სამშობლოში დევნის დასაბუთებული საფრთხე აქვს, მათ შორის რელიგიურ და ნაციონალურ ნიადაგზე.
ჰუმანიტარული სტატუსი ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად საქართველოში ცხოვრობენ. ის ენიჭებათ პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის, თუმცა იძულებული გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ ძალადობის ფაქტების, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიდა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. ეს სტატუსი ენიჭებათ ასევე პირებს, რომლებიც ჩამოვიდნენ მეზობელი სახელმწიფოდან სტიქიური უბედურების შემდეგ და თავშესაფარს ეძებენ.