ცხელი ზაფხულის ფინანსური კლიმატი, ანუ ლარის სიჯიუტე...

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ვალუტა ლარი
ქართული ვალუტა ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემი ყურადღება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე მოციმციმე ციფრების სტაბილურობამ მიიქცია. დავინტერესდი, რატომ გაჯიუტდა ლარი. საინტერესოა, რა ემუქრება ლარს უახლოეს მომავალში, შეინარჩუნებს არსებულ პოზიციას თუ მოსალოდნელია მკვეთრი რყევები...

ძვირფასო მკითხველო, თქვენი არ ვიცი და მე კი ზაფხულის ცხელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას ფეხით სიარულს ვამჯობინებ… რა დროს ბორიალია, სჯობს მზეს მოერიდო, შინ დაეტიო, მიირთვა გამაგრილებელი სასმელი, სავარძელში მოკალათდე, ფეხი ფეხზე გადაიდო და უმზირო ცისფერ ეკრანს — ბრძანებთ თქვენ და მართალიც იქნებით. თუმცა ცხოვრება არ არის ასე მარტივად მოწყობილი… ნუ დაგვავიწყდება, რომ ხშირად გადაადგილება უბრალოდ გარდაუვალია… ერთი სიტყვით, ბევრი ვიარე თუ ცოტა, მიუხედავად იმისა, რომ სანახაობას ჩვენში არაფერი გამოლევს, ჩემი ყურადღება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე მოციმციმე ციფრების სტაბილურობამ მიიქცია. დავინტერესდი, რატომ გაჯიუტდა ლარი…

დაკარგული წონასწორობა - Sputnik საქართველო
ეძიებდეს და ჰპოვებდეს, ანუ დაკარგული წონასწორობა...

გამახსენდა, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის საგაზაფხულო რყევები მიმოვიხილეთ, უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა. გადავხედე ძველ ჩანაწერებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საფინანსო ბაზარზე მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირება საკმაოდ რთული საქმეა. თავად განსაჯეთ, ვარდობისთვის მიწურულს, როცა ლარმა ახალი ნიშნული მოიძია, ანალიტიკოსთაგან ერთნი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას პროგნოზირებდნენ, ხოლო მეორენი ლარის გამყარებას დროებით მოვლენად აფასებდნენ და ზაფხულში გაუფასურების ახალ ტალღას გვიწინასწარმეტყველებდნენ. ძველი სტატიიდან ციტირება უადგილოდ მიმაჩნია, დავზოგავ დროსა და სივრცეს, დაინტერესებულ მკითხველს ვეტყვი, რომ პატივცემული ექსპერტ-ანალიტიკოსების საგაზაფხულო მოსაზრებებს ლარის კურსის სამომავლო პერსპექტივებზე შეუძლია აქვე გაეცნოს 23 მაისით დათარიღებულ სტატიაში „ღრუბლებს მიღმა დარია… ანუ ლარის საგაზაფხულო არდადეგები…“ მიუხედავად იმისა, ვინ რას გვპირდებოდა, ფაქტი სახეზეა — ეროვნული ვალუტა რამდენიმე თვეა სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ პირადად მე მეტის მოლოდინი მქონდა.

ბოლო პერიოდში ამერიკული დოლარის პოზიციები მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ შესუსტდა და ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა, განსაკუთრებით კი ევროსთან მიმართებით. 1 ევრო ამჟამად 1,1843 ამერიკული დოლარი ღირს. 2015 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი ამერიკული დოლარისთვის ყველაზე უარესი შედეგია. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლარის გამყარების გარე, საერთაშორისო ფაქტორები, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი და მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, ეროვნული ვალუტა ჯიუტად სტაბილურობას ინარჩუნებს და დოლარის მიმართ მისი გამყარების მაჩვენებელი უმნიშვნელოა. უკანასკნელი ერთი თვის პერიოდში ლარის საბაზრო კურსი ამერიკული დოლარის მიმართ მხოლოდ 0.5 პროცენტით გამყარდა. ამჟამად, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.392 ლარია. არსებობს თუ არა რეალურად ლარის მნიშვნელოვნად გამყარების წინაპირობები, რა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს არსებულ კურსს და რა მიმართულებით შეიძლება ვივარაუდოთ ეროვნული ვალუტის ცვლილება?

დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
დავით კიკვიძე: ლარის საერთაშორისო ბაზრებზე გამოჩენა ნიშნავს, რომ ის მომგებიანია

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი პაპავა: „რამდენიმე თვეა ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს. მისი ინტერვენციები ამ კუთხით კვლავ გრძელდება. ეს, რეალურად, იმას ნიშნავს, რომ ლარს გამყარების პოტენციალი აქვს, მაგრამ ეროვნული ბანკი ცდილობს კურსის სტაბილურობა შეინარჩუნოს და ლარს დიდად გამყარების საშუალებას არ აძლევს. საინტერესოა, რომ თუ 2016 წლის ამავე პერიოდს გადავხედავთ ამ კუთხით, აღმოჩნდება, რომ გამყარების ტენდენცია მაშინაც შეიმჩნეოდა და ეროვნულმა ვალუტამ მხოლოდ აგვისტოდან დაიწყო გაუფასურება… თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ლარს გამყარების ძალზე მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და მას ამის საშუალებას ეროვნული ბანკი არ აძლევს. ეროვნულ ვალუტას მართლაც აქვს პოზიციების გაუმჯობესების მცირე შესაძლებლობა, რასაც ეროვნული ბანკი აკორექტირებს. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება კარგი იყოს, რადგან ბოლო თვეებია ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს 2.4 ნიშნულის ფარგლებში, თუმცა რამდენად გაგრძელდება ეს სტაბილურობა და მიიღებს გრძელვადიან სახეს, ამის თქმა ნამდვილად რთულია; ეს უკვე ეკონომიკურ ზდაზე იქნება დამოკიდებული. პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს…“

ეროვნულმა ბანკმა 7 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ისმის კითხვა, რამდენად მისაღები და კარგია სავალუტო ბაზრის სტაბილურობისთვის მუდმივი ხელოვნური ჩარევები? ექსპერტთა და სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარი ბუნებრივად მერყევი უნდა იყოს.

გიორგი პაპავა: „მინდა არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი დავიცვათ და მაქსიმალურად ადეკვატურად ავხსნა ერთი გარემოება: ეროვნული ბანკი ბაზარზე დოლარს ძალიან დიდი მოცულობით არ ყიდულობს, აქ არ არის საუბარი ასეულობით მილიონზე. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებაში სერიოზულად ერევა და ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს, არასწორია… რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, ვფიქრობ, 1 ამერიკული დოლარის ფასი, 2.4 ლარის ნაცვლად, მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო 2.37 ლარი, ანუ სხვაობა უმნიშვნელო იქნებოდა…“

ეროვნული ვალუტის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ამიერიდან ფასები მხოლოდ ლარში უნდა მიუთითონ

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა, რაზეც ქვეყნის მთავარი ბანკი აკეთებს აქცენტს, ისევ და ისევ სავალუტო ბაზრით არის განპირობებული და ეროვნული ბანკის წვლილი იმაში, რომ ლარის კურსი სტაბილურია, არც ისე დიდია. ვალუტის კურსის სტაბილურობა ეკონომიკის შედარებით გაჯანსაღებისა და გარკვეული მაჩვენებლების გაუმჯობესების დამსახურებაა. საინტერესოა, რა ემუქრება ლარს უახლოეს მომავალში, შეინარჩუნებს არსებულ პოზიციას თუ მოსალოდნელია მკვეთრი რყევები?

გიორგი პაპავა: „პროგნოზირება რთულია და არასწორი… პირადად მეც წლის დასაწყისში არ წარმომედგინა, თუ კურსი ასეთ სტაბილურობას შეიძენდა. ამის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით გახდა შესაძლებელი… ბევრი გვესმის იმის თაობაზე, რომ ახლა ქვეყანაში აქტიური ტურისტული სეზონია და ამერიკული დოლარის ჭარბი რაოდენობა შეიქმნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის მოლოდინები წინასწარ აისახება ხოლმე კურსზე… შარშან ტურისტულ სეზონს ლარის ყველაზე დიდი გაუფასურება დაემთხვა.

გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ნომინალური გაცვლითი კურსი მცირედით, მაგრამ უნდა უფასურდებოდეს. მაგრამ რა მოხდება აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში, ამის თქმა შეუძლებელია. ტენდენცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს…“

და, ბოლოს, როგორც სპეციალისტებს მრავალგზის განუმარტავთ, ლარის კურსის ოპტიმალური ნიშნული არის ის, რასაც ეკონომიკა პასუხობს მიმდინარე მომენტში. ეროვნულ ვალუტაში აისახება ეკონომიკური პროცესები, სავაჭრო სფეროს პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენები. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხში ჩარევა და რაიმე რიცხვების დასახელება, რომ ამ ნიშნულზე უნდა იყოს კურსი, ყოველთვის სახიფათოა. ამას სჭირდება შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა, ოქროს მარაგი ან საკმარისი სავალუტო რეზერვი. 

ზაფხულის ბოლო თვე ჯერჯერობით იმედისმომცემია, რამდენიმე თვე სავალუტო ბაზარზე, სავარაუდოდ, სტაბილურობა იქნება… 

ყველა ახალი ამბავი
0