საქართველომ ინტერპოლის მეშვეობით სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა

© photo: Interpol / FBINTERPOL
INTERPOL - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სამშობლოში სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონელ კოლეგებს ინტერპოლის არხით მიმართა, რათა შეამოწმოს ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ყოფნის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия პროკურატურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: პოლონეთში აშშ-დან უკრაინული პასპორტით ჩავფრინდი

გასულ კვირაში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილის პოლონეთში ჩასვლის შესახებ. ექს-პრეზიდენტი, რომელზეც საქართველოში სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, შეხვდა პოლონეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებსა და თავის უკრაინელ მომხრეებს.

"4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა", — ნათქვამია ქვეყნის მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მთავარ პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ინტერპოლის ვარშავის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს სააკაშვილის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდა. პასუხად ვარშავის ინტერპოლის თანამშრომლები ქართველ კოლეგებს ტელეფონით დაუკავშირდნენ.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები", — დასძინეს უწყებაში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიიღებს თუ არა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას: პრეზიდენტი დუმს

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. იმ მომენტში ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა.

გარკვეული დროის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინული პასპორტი გაუქმებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა მოახერხა აშშ-დან გამოფრენა და პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა. ექს-პრეზიდენტი ირწმუნება, რომ პოლონეთში უკრაინული პასპორტით შევიდა.

თავად სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და ის მის აღდგენას შეეცდება. ის ასევე უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი ის თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა, დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0