თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა პასუხისგან იმის თაობაზე, მიმართვის შემთხვევაში ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიანიჭებს თუ არა საქართველოს მოქალაქეობას.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამჟამად საქართველოს ექს-პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება. საქართველოში მას რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, მათ შორის, სახელმწიფო სახსრებიდან პირად საჭიროებებზე 5 მილიონი დოლარის გაფლანგვა. საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„როგორი იქნება ჩემი პასუხი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გადაწყვეტს სააკაშვილი — მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით ქვეყანას მიმართავს თუ არა“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის უკმაყოფილოა იმით, რომ სააკაშვილმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცოდა — ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა.
„არ მომეწონა, როდესაც მან უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქეობა დათმო. და მაშინ ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, იმდენად პატივს უნდა სცემდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს", — განაცხადა მარგველაშვილმა.
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის დეკემბერში ჩამოერთვა, ვინაიდან მანამდე, იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქე გახდა.
„5 წლის განმავლობაში სააკაშვილი საერთოდ არ მიკრიტიკებია, ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მას მერე ყველა, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკით არის დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს და არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყენამ მომავლით უნდა იცხოვროს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
ამჟამად სააკაშვილს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. 2015 წლის დეკემბერში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ვინაიდან მანამდე, იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქე გახდა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა.
2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა, დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.