თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ბლოგერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ იგი უკრაინაში ჩავა, წერს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ნიკ ფელდმანი Facebook-გვერდზე.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამ დროისათვის საქართველოს ექს-პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება. საქართველოში მას რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, მათ შორის, სახელმწიფო სახსრებიდან პირად საჭიროებებზე 5 მილიონი დოლარის გაფლანგვა. საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„გენპროკურორმა სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ განახორციელოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება საქართველოში“, — წერს ფელდმანი.
მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა საქართველოსთან თანამშრომლობის პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, მაშინ ისინი შეძლებენ სააკაშვილის გადმოცემაზე გადაწყვეტილების მიღებას.
ამჟამად სააკაშვილს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. 2015 წლის დეკემბერში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ვინაიდან მანამდე, იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქე გახდა.