თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში აშშ-დან უკრაინული პასპორტით ჩაფრინდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Украина.
უკრაინის მიგრაციულმა სამსახურმა 26 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ ოდესის ყოფილ გუბერნატორ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა.
„ამერიკაში აეროპორტში მივედი, ჩავჯექი თვითმფრინავში. ნახეს ჩემი პასპორტი, არაფერი უკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ [უკრაინის შს მინისტრმა] ავაკოვმა აშშ-ის მოქმედი ელჩი გამოიძახა თავისთან და გააფრთხილა, რომ ამ პასპორტით არსად გავეშვით, ვინაიდან ის გაბათილებულია. მერე ჩავედი პოლონეთში და მითხრეს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, — თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა შესაბამისი ვიდეოც ატვირთა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
როგორც ვარშავის საოლქო პროკურორი ლუკაშ ლაპინსკი ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა შეკითხვით, იმყოფება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე, და იქვე განმარტავს, რომ პროკურატურა ამ დროისთვის სასაზღვრო დაცვასა და პოლიციასთან ერთად იკვლევს ამ საკითხს.
თავად სააკაშვილი კი აცხადებს, რომ პოლონეთს ორშაბათს ტოვებს.