თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ანაკლიაში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest მიმდინარეობს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ირანის მოქალაქე 39 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ინფორმაცია მამაკაცის დაკავების შესახებ სამშაბათს, დილით გავრცელდა. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ ის გასულ ღამეს დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავების ადგილზე ამოიღეს სავარაუდოდ, ნარკოტიკების შემცველობით 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება.
ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო სხვადასხვა ფერისა და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები.
დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა ამოღებული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს მოიხმარდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე), რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ეს ირანის უკვე მეორე მოქალაქეა, რომელიც პოლიციამ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.
ორშაბათს ასევე დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელსაც აღმოუჩინეს „ლიზერგიდი“, „მეტადონი“, MDMA და მარიხუანა.
ამას გარდა სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს საქართველოს 22 წლის მოქალაქე. მას ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა მარიხუანის, „ამფეტამინის“, „მეტამფეტამინისა“ და MDMA-ს მოხმარება.
GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირაში ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალზე მყოფი 22 წლის სტუმარი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია იყო.
ამ დღის შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღე ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით GEM Fest-ის ახალგაზრდა სტუმრები მიჰყავთ.
ბოლო დროს GEM Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის შვიდი ადამიანი დააკავეს.