თბილისი, 5 აგვისტო-Sputnik. ოთხი დღის მანძილზე, სოფელ განმუხურში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი იმართება, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი ადამიანი დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უკანასკნელად დააკავეს ორი ახალგაზრდა- ს.ზ. დაბადებული 1993 წელს და დ.ნ. დაბადებული 1991 წელს. პირველს, პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ექსტაზის 24 ტაბლეტი, ხოლო მეორეს- 14 ტაბლეტი და მუყაოს ფირფიტა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,6547 გრამ MDMA-ს შეიცავს.
დაკავებულებმა დანაშაული უკვე აღიარეს.
გამოძიება მომდინარეობს „დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის“ მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.
ინტოქსიკაციის შედეგად ცოტა ხნის წინ GEM Fest-ზე 22 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 10 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.
მოგვიანებით ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი უწყებები თვალყურს ადევნებენ, რათა ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკები არ მოხვდეს.