თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ განმუხურში, კურორტ ანაკლიის მიმდებარედ, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest ტარდება, ირანის 36 წლის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: "ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი "მეტადონი", MDMA-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ირანის მოქალაქე იყენებდა მარიხუანასა და MDMA-ს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალის 22 წლის სტუმარი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია იყო.
ამ დღის შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღე ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით GEM Fest-ის ახალგაზრდა სტუმრები მიჰყავთ.