გინეკოლოგები, უროლოგები, სექსოპათოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ წყვილს ერთი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცს ან ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ისინი ნიშნავენ მრავალ გამოკვლევას. ზოგიერთ შემთხვევაში პოულობენ სამედიცინო მიზეზებს, ზოგიერთში კი – ვერა. ექიმები ამბობენ, რომ ყველეფერი ქალსაცა და მამაკაცსაც წესრიგში აქვს, მაგრამ რა ხდება, არ იციან. ასეთი შემთხვევის დროს ხანდახან წყვილი სპეციალისტებს – ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს მიმართავს.
ისტორია პირველი
ცოლ–ქმარი – შვიდი წელია, დაქორწინებულია. შვილები არ ჰყავთ. პირველი სამი წელი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. შემდეგი სამი წელი სამედიცინო გამოკვლევებს დაუთმეს, იმკურნალეს, მიიღეს უამრავი პრეპარატი…
შედეგი არ დგებოდა. უკვე ბავშვის შვილად აყვანაზე ფიქრი დაიწყეს. ქალმა თავი დაანება სამედიცინო მკურნალობას და გინეკოლოგი ფსიქოთერაპევტით შეცვალა. გადაწყვიტა, რაც იქნება, იქნება, ბედს მიენდო. ბავშვზე აღარ ფიქრობდა..
ერთხელაც სიზმარი ნახა: დიდი რიგი იდგა ადამიანების. ამ რიგიდან ბიჭუნა გამოვიდა და ეუბნება – „დედა, მალე მოვალ, ჩემი რიგი უკვე მალე მოვა". თავისი სახელიც უთხრა. დაარქვით ამას ჯადოსნობა, მაგრამ შემდეგ თვეში ქალი დაორსულდა. მერე გააჩინა ბიჭი და რა თქმა უნდა, სიზმარში ნანახი ბიჭუნას სახელი დაარქვა…
ეს ბავშვი მათ მართლა ღმერთმა უბოძა. დაარქვით ამას მისტიკა, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ეს კლიენტისა და ფსიქოთერაპევტის კარგი ნამუშევარია. როდესაც საკუთარი სურვილი „ჩაბღაუჭებული" გაქვს, ის არ ახდება. და როდესაც ამ სურვილს გაუშვებ, გალიიდან გამოუშვებ, ის შეიძლება თავად მოვიდეს შენთან.
ისტორია მეორე
წყვილი უკვე ხუთი წელია, ერთად არის. შვილი არ ჰყავთ. ვითარება პირველი ისტორიის მსგავსია – ექიმები, გამოკვლევები…
კაცი ღალატობს ქალს და მამა ხდება. ქალიც თხოვდება და მალევე ორსულდება. შემდეგ კვლავ უჩნდებათ შვილები…
მისტიკაა? შეუთავსებლობა – ფსიქოლოგიური. მათ რომ ფსიქოლოგისთვის მიემართად და გაეცნობიერებინათ თავიანთი შეუთავსებლობის მიზეზები, მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.
ისტორია მესამე
ათი წელი უშვილოდ. გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. იშვილეს. გამოხდა ხანი და ქალი დაორსულდა. ახლა ორი შვილი ჰყავთ. აქაც ფსიქოლოგიური ბარიერებია. როგორც კი ქალმა თავის სურვილზე ოცნება შეწყვიტა, ანუ ის გაათავისუფლა, სურვილი თავად აუხდა…
ისტორია მეოთხე
რვა წელი უშვილოდ. ქალს ურჩიეს მიემართა ფსიქოთერაპევტისთვის, მაგრამ – უარი. კვლავ – და კვლავ უარი… ამ შემთხვევაში ქალს არაფრის შეცვლა არ სურს. ეს მისი არჩევანია, მისი ცხოვრებაა. თუ ქალი ქვეცნობიერად მზად არ არის დედობისთვის, ის არ დაორსულდება.
რა შიშები აქვს ქალს, რატომ ეშინია დედობის?
• მამაკაცის უნდობლობა, ეჭვი მის სერიოზულ დამოკიდებულებაში;
• წყვილში თავისი თავის აღქმა "მამაკაცად" – ანუ ოჯახის თაოსნობა;
• შიში, რომ ცუდი დედა იქნება – უნდა, რომ საუკეთესო დედა იყოს და ეშინია, რომ ეს ასე არ იქნება
და სხვა მრავალი…
როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა? მთავარია, დასვათ სწორი კითხვები და მათ გაეცეს გულწრფელი პასუხები. შესაძლოა, პასუხები არ მოგეწონოთ, ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ მოგინდეთ, ან პირიქით, ეს პასუხები დაგეხმაროთ მომავლის შეცვლაში. ქართულ სინამდვილეში დახმარებისთვის ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტისთვის მიმართვა დამკვიდრებული ჯერ არ არის. იქნებ, დროა, ასეთ და სხვა მრავალ შემთხვევაში პროფესიონალის დახმარებით ვისარგებლოთ?
ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია…
მასალა მომზადებულია უკრაინელი ფსიქოლოგის, იულია მიროშნიჩენკოს მოსაზრებებზე დაყრდნობით