საქართველოს პირველი პირები უსამძიმრებენ ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახს

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიჯვარცმა და სანთლები
ჯვარცმა და სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედრო, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე მდინარი ბებიაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავღანეთში სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე მდინარი ბებიაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის 25 წლის იყო. ტერორისტული აქტის დროს სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო სამმა ქართველმა სამხედრომ. ერთ-ერთის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც სტაბილურად მძიმეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - Sputnik საქართველო
ლევან იზორია ავღანეთში დაღუპული სამხედროს გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს. ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ", — აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

საქართველოს პრეზიდენტმა სამ დაჭრილ სამხედროს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

მთავრობის მეთაურმა ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვას საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის ტკივილი უწოდა.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს", — წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე კვირიკაშვილი.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედრო დაიღუპა

პარლამენტის თავმჯდომარემ დაღუპულის ოჯახს საქართველოს მთელი საკანონმდებლო ორგანოს სახელით მიუსამძიმრა.

"მისმა ოჯახმა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ქედს ვიხრი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის წინაშე და ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას. საქართველოსათვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია და ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს ქართველ ჯარისკაცთა გმირულ თავდადებას", — წერს კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

"მტკიცე მხარდაჭერა" ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციები შედის. მისიაში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0