თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ — 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.
მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის — უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის — დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი საბას ძე ბებიაშვილის ოჯახს.
მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერა“, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში.
ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) ფარგლებში სამსახურს 900–ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. ერთი ასეული (175 სამხედრო მოსამსახურე) ქალაქ ქაბულში, საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონაშია განლაგებული, ხოლო ბატალიონი – გილმენდის პროვინბციაშია დისლოცირებული.