საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე ლიანა ისაკაძე იუბილარია

© photo: courtesy of Liana Saakadzeლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიანა ისაკაძემ მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში მიიღო. 9 წლის ლიანას აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო-კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე.

"ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის", – ასე შეაფასა ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ–ერთმა უდიდესმა მევიოლინემ დავიდ ოისტრახმა.

ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და  მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი მევიოლინეა. ის შეყვანილია მსოფლიოს ყველა იმ გამოცემაში, რომელშიც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების  შემოქმედება განიხილება. გერმანიის ერთ–ერთმა წამყვანმა გამოცემა SUDDEUTSCHE ZEITUNG-მა მას ,,საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე" უწოდა.

© photo: Sputnik / Oleg Makarov / გადასვლა მედიაბანკშილიანა ისაკაძე
Лиана Исакадзе - Sputnik საქართველო
ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი და ვუნდერკინდებს მიაკუთვნებდნენ.  მან თავისით ისწავლა  როიალზე დაკვრა და კომპოზიცია. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი ვიოლინო აიღო ხელში.

მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში მიიღო. 9 წლის ლიანას აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო-კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე. 10 წლის ასაკში იგი მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან  პროფესიონალ  მუსიკოსთა  საკონკურსო  პროგრამა  ბრწყინვალედ შეასრულა. ლიანა ისაკაძის სახელი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა.
12 წლის ლიანა ისაკაძეს  პირველი პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ასაკში, როგორც გამონაკლისი, იგი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე (კონკურსში მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო), სადაც მეორე პრემია აიღო.

ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ აჟღერდება

დავიდ ოისტრახის დაჟინებული მოთხოვნით, 16 წლის ლიანამ  პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფესორ დავიდ ოისტრახის კლასი) ჩააბარა, სადაც უგამოცდოდ მიიღეს.
1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 18 წლის ლიანამ  მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე პარიზში „გრან პრი’’ და პირველი პრემია მოიპოვა. 1970 წელს მოსკოვში ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა (მესამე პრემია) და იმავე წელს, სიბელიუსის საერთაშორისო კონკურსზე ჰელსინკში, მას პირველი პრემია და სიბელიუსის კონცერტის საუკეთესო შესრულებისთვის  სპეციალური პრიზი მიენიჭა.

მის რეპერტუარში კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებია. ლიანა ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია. მას მრავალმა  რუსმა და გერმანელმა კომპოზიტორმაც  მიუძღვნა თავისი ნაწარმოები.

1970 წლიდან 1994 წლამდე ლიანა ისაკაძე მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ორკესტრთან  და მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად გასტროლებით მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში.

ხელოვნება სიკეთეს ემსახურება

განსაკუთრებულია ლიანა ისაკაძის ღვაწლი ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეშიც. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოცი წელია „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანამ შვილზე თავადვე განაცხადა კატეგორიული უარი, მან მთელი თავისი ცხოვრება ვიოლინოს მიუძღვნა. საინტერესო ფაქტები ლიანა ისაკაძეზე:

▪ 1964 – 1981 წლებში იგი უკრავდა სტრადივარიუსის ვიოლინოზე, რომელიც მას მოსკოვის ინსტრუმენტების სახელმწიფო კოლექციამ გამონაკლისის სახით დაუთმო.
▪ ვენის მუსიკალურმა კრიტიკამ იგი მონათლა, როგორც „ გრაპელი კაბაში’’.
▪ ლიანა ისაკაძე დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის ყველაზე მაღალი წოდებებით, ჯილდოებითა და ორდენებით. ვიქტორ ტრეტიაკოვთან ერთად, ლიანა ისაკაძე ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
 ▪ გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში — „სიბელიუსი“ (1975).  მის შესახებ  აგრეთვე გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი (1974).
▪ შეყვანილია მე-20  საუკუნის  ,,2000  გამოჩენილ   მუსიკოსთა   ენციკლოპედიაში’’, რომელიც 2002 წელს გამოაქვეყნა კემბრიჯის (ინგლისი) ბიოგრაფიულმა ცენტრმა.
▪ 2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ, ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, მისივე  ავტოგრაფით.
▪ ლიანა ისაკაძემ „ფეისბუქის“ მეგობრების სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილი მუსიკოსებისაგან  ჩამოაყალიბა ანსამბლი-ორკესტრი „ ფეისბუქის ვირტუოზები“.
▪ დაჯილდოებულია შოთა რუსთაველისა და ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის პრემიებით.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0