თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. დღეს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ იხსნება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
წელს, ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ისაკაძის 70 წლის იუბილეს ეძღვნება და ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში გაიმართება.
„ღამის სერენადებს“ 27 და 28 აგვისტოს ბათუმის სასტუმრო Hilton–ი უმასპინძლებს, 30 აგვისტოს კონცერტი ანაკლიაში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს – თბილისის სასტუმრო The Biltmore Hotel–ში.
თბილისში „ღამის სერენადები“ 3 ოქტომბერს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზეც აჟღერდება.
დასკვნითი გალა–კონცერტი 4 სექტემბერს ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზეა დაგეგმილი.
ფესტივალში, ტრადიციულად, მონაწილოებას მიიღებს ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული კამერული მუსიკის ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი სოლისტი შემსრულებლები.
„ღამის სერენადებს“ თავად ლიანა ისაკაძე გახსნის. ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან ცნობილი მევიოლინე ვიქტორ ტრეტიაკოვი და ალტისტი ალექსეი ლუდევიგი რუსეთიდან, ყაზახი მევიოლინე აიმან მუსახოჯაევა, ესპანელი დირიჟორი ცეზარ ალვარესი და სხვა.
კონცერტებზე აჟღერდება ვივალდის, მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკის, ბახისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
„ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში, ბიჭვინთაში 1982 წელს დაარსდა. 1991 წლიდან ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და ის მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა.