ნინი რაზმაძე
- ქალბატონო ნინო, რა იწვევს ბავშვებში წონის მატებას?
— წონაში მკვეთრად მატების ძირითადი მიზეზებია თანამედროვე ცხოვრების რითმი, არაჯანსაღი კვება, ჰიპოდინამია, ტრანსიზომერული ცხიმებით გაჯერებული პროდუქტები. დღეს ყოველ მეოთხე ბავშვს აქვს ჭარბი წონა, სიმსუქნე წარმოდგენილი სხვადასხვა ხარისხით. აღნიშნული სტატისტიკა მზარდია, რომელიც გახლავთ მაღალი რისკ-ფაქტორი გართულებებისა, თითქმის ყველა ორგანოთა სისტემის მხრივ.
- მცირე ასაკის მუხედავად, არსებობს მათი წონის სტანდარტი?
— ახალშობილთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა პოპულაციაში სიმსუქნის შეფასება უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბავშვის ზრდის სტანდარტის გათვალისწინებით. აუცილებელია წონის მონიტორინგი, პედიატრისა და მშობლის მიერ მუდმივი მეთვალყურეობა.
- რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ჭარბწონიანობამ?
— მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვებში მნიშვნელოვანია ჭარბი წონის გავლენა პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში მიმდინარე პროცესებზე, იგი მოქმედებს სიმაღლეში ზრდის დინამიკაზე. ასევე იზრდება რისკი შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ლიპიდური ცვლის დარღვევებისა.
- ძირითადად რა ასაკის ბავშვები მოგმართავენ?
— სქესობრივი მომწიფების დადგომამდე ჭარბი წონა და სიმსუქნე თანაბრად გვხვდება გოგონებსა და ვაჟებში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი უფრო გოგონების პროცენტული მაჩვენელი იზრდება.
- რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რა ზომები უნდა მიიღონ რომ თავიდან აიცილონ მსგავსი პრობლემები?
— მშობლის როლი ამ პროცესის დარეგულირებაში უმნიშვნელოვანესია. საუკეთესო ვარიანტია დიასახლისმა არა მხოლოდ შვილებს, არამედ მთელი ოჯახისთვის მოამზადოს კერძები, რომელიც დაბალანსებულ კვებას გულისხმობს. ჩვენ პაციენტებს ვაცნობთ კვების პროგრამას, რომელიც ვთარგმნეთ ჰარვარდის ნუტრიციული სკოლის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით. პროგრამა მოქნილია და გვაძლევს თავისუფალი არჩევანის ნებას, პროგრამა ეფუძნება ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ბალანსირებულ გადანაწილებას. მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი. ამ დროს მათი მხრიდან ჩნდება მოტივაცია რეკომენდაციების შესრულებისა და რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღ წესად ჩამოყალიბების უნარი.
- როგორ უნდა შევაჩეროთ ჭარბი წონის ეპიდემია ბავშებში — გამოსავალი რაშია?
— ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღინიშნა, რომ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი ყოვლისმომცველი და კოორდინირებული ინტერვენციები საუკეთეო გზაა ბავშვთა სიმსუქნის პრევენციისათვის.
სკოლებში და უმაღლეს სასწავლებელებში აუცილებელია ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის სპეციალური გეგმის შექმნა და სასწავლო დაწესებულებებში კვების სპეციალური სტანდარტების დაწესება.
საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავატარე სემინარები საჯარო და კერძო სკოლებში სახელწოდებით: ,,ენდოკრინული დაავადებების პრევენცია პუბერტატულ ასაკში”.
ჩვენი მიზანი იყო ენდოკრინული დაავადებების პრევენცია პუბერტატულ ასაკში (შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური ცვლის დარღვევა, ზრდაში ჩამორჩენა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოკალცემია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ჰირსუტიზმი, D ვიტამინის დეფიციტი). აღნიშნული ენდოკრინული პათოლოგიები განსაკუთრებით საყურადღებოა პუბერტატულ პერიოდში, რადგან სწორედ მათ ასაკობრივ ჯგუფში ცილებით გაღარიბებული რაციონი და ძილ-ღვიძილის ფიზიოლოგიური რიტმის დარღვევა გახლავთ 2 უმთავრესი მიზეზი ჰორმონალური დარღვევებისა. იქმნება მანკიერი წრე, რაც აისახება გართულებებით მოზარდის ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი აღნიშნული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, გახლავთ საგანმანათლებლო აქტივობა სპეციალისტის მხრიდან.
რჩევები მშობლებს….
ბალანსირებული კვება, ოთხჯერადი კვება 4 საათიანი ინტერვალით, ფიზიკური აქტივობა მოზარდისათვის განსაზღვრულია საშუალოდ 300- წთ კვირის მანძილზე. წონისა და სიმაღლეში ზრდის დინამიკის მონიტორინგი.