თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სეზონური ხილი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა, რადგან ის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი, ამის გარეშე ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირება არ შეუძლია. ამის თაობაზე Sputnik–ს ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე ესაუბრა.
სპეციალისტი გვირჩევს, ზაფხულის პერიოდში ორგანიზმი ზამთრისთვის მოვამზადოთ, როდესაც ახალი ხილი არც თუ ბევრია. ხშირ შემთხვევაში ზამთრის უგუნებობა სწორედ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტთან არის დაკავშირებული.
„მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ ხილის შესახებ, ისაა, რომ უნდა მივიღოთ სეზონური ხილი, დღეში, საშუალოდ, ნახევარი კილოგრამი. ამასთან, ხილის ასორტიმენტი რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს, ჩვენ ხომ მას მხოლოდ იმისთვის არ ვიღებთ, რომ ენერგიული ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ ორგანიზმი აუცილებელი ნივთიერებებით გავამდიდროთ. ამასთან, ზედმეტიც არ უნდა მოგვივიდეს“, – განაცხადა ზერეკიძემ.
არასეზონურ ხილში ბევრი კონსერვანტი და მავნე დანამატებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს, განმარტა სპეციალისტმა.
ენდოკრინოლოგი გვირჩევს რკინით მდიდარი ვაშლის, ასევე ქლიავის მიღებას, რომელიც კალიუმითაა მდიდარი.
„რაც შეეხება მარწყვს, რომელიც, პრაქტიკულად, ყველას უყვარს, ეს სხვადასხვა ვიტამინის ძალიან კარგი წყაროა. ის კარგად მუშაობს ჭიების წინააღმდეგ, ამაღლებს იმუნიტეტს, შეიცავს С და D ვიტამინებს. ამიტომ მარწყვი, თუ ალერგია არ გაქვთ, კარგია, სასურველია დღეში 200–300 გრამი მივიღოთ“, – აღნიშნა ზერეკიძემ.
ბალსა და ალუბალს შორის არჩევანის გაკეთებისას უმჯობესია უპირატესობა მეორეს მიანიჭოთ. ბალს ორგანიზმი რთულად ითვისებს და მუცლის შებერილობას იწვევს. ამასთან, ის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ისე მდიდარი არ არის, როგორც ალუბალი.
„ექიმები ბალის მიღებას გირჩევთ სურვილის დასაკმაყოფილებლად, ხოლო რაც შეეხება ალუბალს, ის ძალზე სასარგებლოა ჰემოგლობინის, სისხლისთვის, ამიტომ, უმჯობესია, ალუბალი მიირთვათ, ვიდრე ბალი“, – გვირჩევს სპეციალისტი.
ექიმმა მითი უწოდა იმის მტკიცებას, თითქოს ჟოლო ადამიანს აახალგაზრდავებს. თუმცა, ანტიოქსიდანტებისა და С ვიტამინის დიდი რაოდენობის წყალობით, ჟოლოს ამ პროცესზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ზერეკიძემ ასევე აღნიშნა საზამთროსა და ნესვის სარგებლიანობა, რომელთა შემადგენლობაშიც ისეთი მიკროელემენტებია, რომლებიც სხვა ხილში არ არის.
„მთავარია, ნორმა ყოველთვის დავიცვათ. 300 გრამი საზამთროსა და ნესვის მიღება იმ ადამიანებსაც კი შეუძლიათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს“, – განმარტა მან.
ვისაც ხილის ჭამა არ უყვარს, ექიმი ახლადგამოწურული წვენის მიღებას ურჩევს.
რაც შეეხება მიღების წესებს, ხილს მეტი სარგებელი მოაქვს, თუ მას ჭამამდე 2 საათით ადრე მივიღებთ. ორგანიზმი ვიტამინებს ასე იღებს.
„სხვაგვარად საჭმელი ორგანიზმში ვიტამინებს არ შეუშვებს და ერთადერთი, რასაც ხილისგან მივიღებთ – ეს კალორიებია“, – აღნიშნა ზერეკიძემ.
ენდოკრინოლოგმა რჩევა იმ ადამიანებსაც მისცა, ვინც ფინანსური სიდუხჭირის გამო საჭირო რაოდენობის ხილს ვერ ყიდულობს. ამის კარგი ალტერნატივაა პოლივიტამინები, რომლებიც ოჯახის ექიმებმა აუცილებლად უნდა გამოწერონ. ეს თავიდან აგვაცილებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, დიაბეტს, იმუნიტეტის დაქვეითებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.