თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ურეკში მაშველებმა ქალი სამი შვილით ზღვიდან ნაპირზე გამოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეარხის ინფორმაციით, ქალმა სამ შვილთან ერთად ზღვის ველოსიპედზე გასეირნება გადაწყვიტა. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა ველოსიპედი ღია ზღვაში გაიტაცა და მათ ნაპირზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ისინი სანაპირო ზოლზე პატრულირების დროს შენიშნეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ განახორციელეს სამაშველო ოპერაცია. რამდენიმე წუთში განსაცდელში მყოფი ქალბატონი, სამივე არასრულწლოვანთან ერთად, წყალზე მაშველებმა ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, შესაბამისად, ზღვაში შესვლა კატეგორიულად იკრძალება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მაშველები ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. ყველა სანაპირო საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; არ დატოვონ ბავშვები და მოზარდები მეთვალყურეობის გარეშე.