თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე, რომლის მიზანია მსოფლიოში ამ დაავადების სრული აღმოფხვრა, ყოველწლიურად 28 ივლისს აღინიშნება.
ჰეპატიტი — ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი, ცნობილია როგორც А, В, С, D და E ჰეპატიტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ("ჯანმო") მონაცემებით, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ემართება, იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს და ყოველწლიურად სიკვდილიანობის 1,5 მილიონ შემთხვევას.
"ჯანმოს" მონაცემებით, საქართველო ჰეპატიტის მაღალი გავრცელების 17 ქვეყნის სიაში შედის, მათ შორის არინ უზბეკეთი, უკრაინა, კამერუნი, კოლუმბია, ყირგიზეთი, მაროკო და სხვ.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ С ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა 150 000 ადამიანს შეადგენს. ეს ბოლო სტატისტიკური მონაცემებია, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყველა მსურველს ჰეპატიტზე ანალიზის ჩაბარება უფასოდ შეუძლია. გარდა ამისა, ჰეპატიტზე შემოწმების მოწოდებით SMS–შეტყობინებები გაეგზავნა 30-დან 60 წლამდე მამაკაცებს, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან. მოგვიანებით შეტყობინებებს საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს.
საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისათვის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან 10–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს.
პროგრამის ბენეფიციარები პრეპარატ "სოვალდით" არიან უზრუნველყოფილი.
სახელმწიფო ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობას აფინანსებს. С ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით უკვე 30 ათასმა პაციენტმა დაასრულა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ივნისის დასაწყისში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით „განიკურნე". პროგრამა დაავადების უფასო სკრინინგს ითვალისწინებს.
ჰეპატიტის სკრინინგის უფასო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში არსებობს. ბათუმში ჰეპატიტზე შემოწმება პირდაპირ ბულვარში, მობილურ ლაბორატორიაშიც არის შესაძლებელი.