თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოში 150 000 С ჰეპატიტით დაავადებული პირია, განაცხადა დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე, რომელიც ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეულს მიეძღვნა.
ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 28 ივლისს აღინიშნება. ვირუსული ჰეპატიტი — ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი, ცნობილია როგორც А, В, С, D და E ჰეპატიტი. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ემართება, იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს და ყოველწლიურად სიკვდილიანობის 1,5 მილიონ შემთხვევას.
„კვირეული მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და დაავადების სკრინინგი. საქართველოში C ჰეპატიტით ქრონიკულად დაავადებული დაახლოებით 150 ათასი ადამიანია და მათგან დაახლოებით 100-110 ათასმა თავისი სტატუსი არ იცის, რადგან ეს დაავადება ჩუმად მიმდინარეობს. იმათ, ვისაც С ჰეპატიტი აქტიურ ფაზაში აქვს, უახლესი პრეპარატებით უფასოდ მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ", — განაცხადა გამყრელიძემ.
ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჰეპატიტზე შემოწმების მოწოდებით SMS–შეტყობინებები გაუგზავნა 30-დან 60 წლამდე მამაკაცებს, რომლებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. მოგვიანებით შეტყობინებებს საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს.
მისი თქმით, კვირეულის ფარგლებში ყველა მსურველი ჰეპატიტზე ანალიზის ჩაბარებას უფასოდ შეძლებს.
ჰეპატიტის სკრინინგის უფასო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში არსებობს. ბათუმში ჰეპატიტზე შემოწმება პირდაპირ ბულვარში, მობილურ ლაბორატორიაში არის შესაძლებელი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ივნისის დასაწყისში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით „განიკურნე". პროგრამა დაავადების უფასო სკრინინგს ითვალისწინებს.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა С ჰეპატიტით დაავადებული დაახლოებით 160 ათასი ადამიანი. სახელმწიფო ყოველწლიურად 20 ათასი პაციენტის მკურნალობას აფინანსებს.
С ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით უკვე 30 ათასმა პაციენტმა დაასრულა.
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან 10–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს.