თბილისი, 27 მაისი-Sputnik. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) მაცხოვრებლები, ნეიტრალური პასპორტებით, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებით შეძლებენ უფასოდ იმკურნალონ C ჰეპატიტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის მაისში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ამ მიზნით გამოიყოფა 20 მილიონი ლარი (დაახლოებით 8,3 მილიონი დოლარი). მკურნალობა უახლესი პრეპარატებით მიმდინარეობს.
სერგეენკოს თქმით, თუ აქამდე ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ, ამიერიდან იგი ხელმისაწვდომია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვისაც ნეიტრალური პასპორტებით ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებით.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას იძლევა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაუქვემდებარებელი ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის.
„ეს მნიშვნელოვნად გაუიოლებს მათ საციცხლო მნიშვნელობის მკურნალობის საშუალებას“ — განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.
დღეის მდგომარეობით, C ჰეპატიტის პროგრამაში 38 ათასამდე ბენეფიციარია, რომელთაგან 37,5 ათასი მკურნალობის კურსს გადის. 29 000 —ათასზე მეტმა ადამიანმა მკურნალობა უკვე დაასრულა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 160 000 ათასი ადამიანია დაავადებული C ჰეპატიტით.
C ჰეპატიტის ვირუსი სისხლით გადადის და ყველაზე გავრცელებული გზა გაუფრთხილებელი საინექციო პრაქტიკა, სამედიცინო ხელსაწყოების არასათანადო სტერილიზაცია და სისხლის არასწორი გადასხმაა.
მთელ მსოფლიოში C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით 130-150 მილიონი ადამიანი იტანჯება.