თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. თბილისში 2017 წლის დასაწყისში დამწვარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორ გიორგი მაჭავარიანს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს, განაცხადა მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მალხაზ თევზაძე ხუთშაბათს დააკავეს.
"ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო. მტკიცებულებები რანდენიმე წუთის წინ გადმოგვეცა და ამიტომ საქმის მასალებს არ ვიცნობთ“, — განაცხადა მოსიაშვილმა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი ბრალს არ აღიარებს.
პარასკევს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერებმა მთავარი პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მაჭავარიანისა და თევზაძის მხარდამჭერ მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
„ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს მაჭავარიანისა და თევზაძის მიმართ, მათი ქმედებებით ჩვენ ზიანი არ მოგვდგომია. ზიანი მოგვაყენეს იმ პირებმა, ვინც ჩვენს ქონებას ცეცხლი განზრახ წაუკიდა“, — ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
პარალელურად მთავრი პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია „ბავშვთა სამყაროს“ ყოფილმა მოვაჭრეებმა გამართეს და მაჭავარიანისა და თევზაძის დაპატიმრება მოითხოვეს. ასევე მათ ხანძარში სხვა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო" და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების სამსახურეობრივი გულგრილობის გამო, სამაშველო-სახანძრო ძალების ადეკვატურმა რაოდენობამ ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა „ბაზრობა ნიუ მოლის“ იმ ტერიტორიაზე ვერ მოახერხა, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა. ცეცხლმა „ბაზრობა ნიუ მოლისა“ და „ბავშვთა სამყაროს“ მთლიანი ტერიტიორია მოიცვა, რამაც ამ შენობებში განთავსებული აღჭურვილობა და სარეალიზაციო საქონელი გაანადგურა.
სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მოვაჭრეები და მფლობელები რეგულარულად მართავდნენ საპროტესტო აქციებს და მთავრობისგან დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას, ასევე შესაბამისი კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ.
მთავრობამ დაზარალებულებს კომპენსაციები გადაუხადა და ბანკებს კრედიტების გადავადებაზე შეუთანხმდა, თუმცა მოვაჭრეებს გადახდილი კომპენსაციის თანხა არ აწყობდათ და ისინი საპროტესტო აქციების გამართვას აგრძელებდნენ.