თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს ბანკებსა და ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს შორის, სადაც კვირას ხანძარი მოხდა, განაცხადა მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 30-მდე მოვაჭრე დაზარალდა, საქონელი დაზღვეული მხოლოდ ნაწილს ჰქონდა.
„პირველი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ უნდა დაზუსტდეს დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები, ზიანის მოცულობა და იმ საქონლის მოცულობა, რომელიც განადგურდა, ან დაზიანდა. ამის შემდგომ, ჩვენ შეგვიძლია, განვახორციელებთ შუამდგომლობას საბანკო სექტორთან", — განაცხადა ლექვინაძემ მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრამდე მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეები დამწვარ სავაჭრო ობიექტებში შესვლას მოითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს, პავილიონის ტერიტორია ისევ შემოსაზღვრულია.
რამდენიმე ხნის შემდეგ დამწვარ პავილიონში მოვაჭრეები შეუშვეს. მათ მაღაზიების დასუფთავება საკუთარი ძალებით დაიწყეს.
დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 2500 კვ. მ ფართობი ტერიტორია. წინასწარი ვერსიით, ყველაზე მეტად პავილიონის პირველი სექტორი დაზიანდა, სადაც აალება მოხდა. ამ ადგილს სამართალდამცავები აქამდე აკონტროლებენ.
ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რასაც მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა". დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.