ნაპოლეონი იქით იყოს და დილის მადლი შეგეწიოთ!

© FB/ MrSocket Skullmugsთავის ქალის ფორმის სასმისი
თავის ქალის ფორმის სასმისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომ იცოდეთ, როგორ მინდა, ეს ყველა ქართველმა წაიკითხოს, მით უფრო, როცა პრეტენზია გვაქვს, რომ პირველი სადღეგრძელო ქართველების გამოთქმულია.

თავდაპირველად ადამიანი წყალსაც და ღვინოსაც, ალბათ, იმ მოსახერხებელი ნივთით სვამდა, რომელიც ხელში მოხვდებოდა, მაგრამ მერე და მერე გემოვნებამაც და აუცილებლობამაც მოითხოვა, უფრო დახვეწილ ჭურჭელზე ეზრუნა. ასე გაჩნდნენ უხსოვარი დროიდან შემორჩენილი, დღეს სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული ფიალები, თასები, დოქები, ამფორები ჭიქები და ა.შ. თუმცა, ზოგი მათგანი იმდენად უცნაური წარმომავლობისაა, რომ მათი არა მარტო ფორმა, „დაბადების“ მიზეზი და თარიღიც კი შემოგვინახა ისტორიამ, მათ შორის — დღევანდელი დღის სამახსოვროდაც. 

811 წლის 26 ივლისს ბულგარეთის ხანმა — კრუმმა სასტიკად დაამარცხა მის სამფლობელოში შეჭრილი ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე ფოკა პირველი და ბრძანა, მისი მოკვეთილი თავის ქალისგან სასმისი დაემზადებინათ. ეს, ალბათ, იმპერატორის მეტად დამცირების მიზნით, თორემ კრუმის მმართველობის დროს ლამის მთლიანად აიჩეხა ბულგარეთში ვაზი.

დღეს არავინ იცის სად, როდის, რომელ კონტინენტზე და რომელ ქვეყანაში მოუვიდათ პირველად თავში მსგავსი აზრი და იდეა, მაგრამ მხოლოდ პირველყოფილი ტომებისკენ (ამერიკაში, ევროპაშიც და აზიაშიც) თითის გაშვერა მთლად მართებული არ იქნება, რადგან ასეთი სასმისიდან სიამოვნებით მიირთმევდნენ პირველყოფილი ინდიელებიც, ხანი კრუმიც, სკვითებიც, კელტებიც და, ასე გასინჯეთ, იმპერატორი ნაპოლეონიც.

სადღესასწაულო სუფრა ქართული კერძებითა და ღვინით - Sputnik საქართველო
კრამიტი, ლამფის შუშა, სხვა უჩვეულო „ქართული“ სასმისები და ქართული სუფრის პერიპეტიები

ნაპოლეონის ასეთ „მსხვერპლად“ იმ დროის მსოფლიოში ცნობილი ავანტიურისტის ჯუზეპე ბალზამოს (მაგი, თაღლითი, ალქიმიკოსი, ცნობილი „ფილოსოფიური ქვის“ ვითომ „რეცეპტის მპოვნელი“) პერსონა იქცა. მან იტალიის სენ-ლეოს ციხიდან საგანგებოდ ჩამოატანინა 1791 წელს გარდაცვლილი ბალზამოს თავის ქალა და მისგან ძვირფასი ქვითა და თვალ-მარგალიტით შემკული სასმისი დაამზადებინა. ამბობენ, დიდ იმპერატორს ამ გზით სურდა ზიარებოდა მაგიურ საიდუმლობებსო.

ძალიან ძნელია, საღი, ადამიანური აზროვნების ჩარჩოებში გაიაზრო ასეთი საქციელი, მაშინაც კი, როცა საქმე დიდ ნაპოლეონს ეხება, მაგრამ მას კონკრეტული ჩანაფიქრის მსგავსი მაინც ჰქონდა მიზნად.

კეთილი და პატიოსანი! ხშირად მსგავსი ქმედების მიზეზი ადამიანურად ძნელად გასაგები, მაგრამ კონკრეტული მიზანია და არა მოცლილი და ჭირვეული მონარქის და დამპყრობელის მრავალფეროვანი ფანტაზია. 

აი, იმ ადამიანის მიზანი კი მეტისმეტად საინტერესოა, ლამფის შუშით, თოფის ლულით, ანდა ძაბრზე საგანგებოდ დამონტაჟებული ონკანიდან დალევა რომ მოუვა თავში აზრად. რომ ვთქვათ ისტორიაში დარჩენის სურვილიო — ასეთებს, ეს პრეტენზია არ გააჩნიათ. მათ (შეგნებულად, თუ შეუგნებლად) ბევრად უფრო “კომიკური“ ზრახვა ამოძრავებთ — მონათლონ ეს „საცირკო ნომერი“ ეროვნულ ტრადიციად…

ვერცხლის ჭურჭელი ღვინისათვის - Sputnik საქართველო
„მეტყველი სასმისები“: თბილისში უნიკალური სასმისები წარმოადგინეს

ნამდვილი, ქართული მოლხენა თავისი ზომიერებით, სიმღერით, სიტყვა-პასუხითა და ლამაზ სპექტაკლად ქცეული ურთიერთობით მხოლოდ სტუმრისთვის კი არა, ბევრი ქართველისთვისაც ფუფუნებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართული კულტურა, როგორც ბევრს ჰგონია, ქართული სუფრიდან არ იწყება. სუფრა დიდი ეროვნული კულტურის ერთი პატარა ნაწილია და დასანანია, რომ რუსთაველისა და მედეას, 3 500 წლის სახელმწიფოებრიობისა და 2 ათასი წლის წინ ქრისტიანობის მიმღებ, უნიკალური არქიტექტურის, ხორბლისა და რკინის სამშობლოდ აღიარებული საქართველოს გაცნობას სწორედ სუფრიდან იწყებენ (ან აწყებინებენ) დაბალი ინტელექტისა და პროვინციული გაგების, შემთხვევითი მასპინძლების ხელში „ჩავარდნილი“ ტურისტები და ვიღაცის პირადი სტუმრები.

რა გასაკვირია, რომ აქედან წასულები თავისიანებთან იმას „ყიდიან“, რაც ჩვენში „იყიდეს“! ერთი-ორი ასეთი ფაქტი და სოციალური ქსელიც ღრუბელივით იზიდავს და იზიარებს ასეთ „სენსაციას“. ამიტომ „განსხვავებული“ სასმისებით დროსტარების კადრებსა და FB-ზე გამოტანილი, უძველესი პერიოდის ქართული ხელოვნების ნიმუშების „ნახვას“ შორის განსხვავება, არც მეტი არც ნაკლები, ასტრონომიულია — პირველის სასარგებლოდ.

მე კი, ახლა ჭიქა რომ მეჭიროს, ნამდვილი ქართული ტრადიციის მიხედვით გეტყოდით — დილის მადლი შეგეწიოთ! 

ერთია, კიდევ: არც ბულგარეთის ხანის — კრუმის, არც ნაპოლეონისა და არც სხვათა ახირება ქართველებს ბულგარულ, ფრანგულ და სხვა ერების ტრადიციად არ მიგვიღია.
 
მერაბ ხაჩიძე

ყველა ახალი ამბავი
0