თუ მეტყვით, რომ ეს სიმღერაა და თანაც სახუმარო, გიპასუხებთ: ქართველი იშვიათად ხუმრობს მისთვის ისეთ წმინდათა წმინდა თემაზე, როგორიცაა, სუფრა და მისი თანმხლები პროცესები… ქართველს ორი სულიერ-ფიზიკური მდგომარეობა ახასიათებს – როგორც ერთი ცნობილი კინოგმირი ამბობს: ის „ან საქეიფოდაა ან უქეიფოდ“.
ქართული სუფრის მიმართ ყველაზე ხშირად წარმოთქმულ ქათინაურებს შორის მისი ხაზგასმით აკადემიურობა შეიძლება დავასახელოთ. თუმცა ქართული სუფრა მისთვის ჩვეულ ამ თვისებას ნელ-ნელა კარგავს… ძველი რომაელების თქმით, სუფრის წევრები სამზე ნაკლები და ცხრაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ქართულ დიდ სუფრაზე კი თანამეინახეთა რაოდენობა ლამის რომაელების ერთი ლეგიონის ხალხს, ანუ, სულ მცირე, ხუთას ადამიანს მაინც გულისხმობს.
სამყაროსავით ძველი თემაა, რომ ქართულ სუფრაზე ისტორიულად მხოლოდ ჭამა-სმისთვის არ იკრიბებოდნენ. სუფრაზე ადამიანს საშუალება ეძლევა, გამოხატოს სიმპათიები ნაცნობი, ნაკლებად ნაცნობი, ან ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ და გულწრფელი სიყვარული — მეგობრების მიმართ. თავშეყრის მიზანი – ადამიანებთან ურთიერთობაა.
სუფრაზე კიდევ სამ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა: კარგ თამადას, ღვინის ხარისხს და სასმისის ფორმას. სასმისად ჩვენში ყანწის, ჩვეულებრივი ჭიქისა და ფიალის გარდა ცივილიზებული სამყაროსთვის წარმოუდგენელ ნივთებსაც იყენებენ, ისეთებს, როგორებიცაა: ჩაის კოვზი, კრამიტი, ლამფის შუშა, ღვინის ბოთლის საცობი და სხვა… ბოდიში მომითხოვია „სუფრის წევრებთან“ და, სასმისად საყვარელი ქალის სახელდახელოდ გახდილი ფეხსაცმელიც კი გამოუყენებიათ! სიყვარულის ან რჩეული ადამიანის დღეგრძელობის დროს შეზარხოშებული მამრები უფრო შორსაც მიდიან და წინასწარ “დამუღამებული ტექნოლოგიის“ მიხედვით სასმისად… ქალის მკერდს იყენებენ! რას ვიზამთ, გვიყვარს ქართველებს გრძნობების უკიდურესად გამოხატვა!..
რახან სადღეგრძელოების თემას შევეხეთ, აქვე, ცალკე თემაა ლუდის სმის დროს წარმოთქმული სადღეგრძელოები. ისინი გარკვეულ თემებს გაშარჟებულად წარმოაჩენენ. მაგალითისთვის ორ მათგანს შეგახსენებთ: ეს იმას გაუმარჯოს, ჰერეთი რომ შაჰ-აბასს ჩავაბარეთ, ხოლო ჩვენთვის შიბლიანი დავიტოვეთო; ან კიდევ: იმ კაცს გაუმარჯოს, დედის პენსიით სიდედრს კაბას რომ უყიდისო…
და, ბოლოს, რაც მთავარია: სუფრას საინტერესოს პირველ რიგში თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები ხდის. მთლად თვითკრიტიკა რომ არ გამოგვივიდეს, მასალას სასიამოვნო ფაქტით დავასრულებ: ამბობენ, უხამს პრეცედენტს კი არა, უხეშ სიტყვასაც კი არასდროს ჰქონია ადგილი იმ სუფრაზე, სადაც თამადად მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი, ყველასთვის პატივსაცემი სიმონიკა სხირტლაძე იყოო. იგი სუფრას იწყებდა სიტყვებით – „ისე უნდა ვითამადო, რომ კრიხულა შევაჩერო, ალიონზე სუფრა შევკრა და ქვაზე ჭიქა ავამღერო”. მისი თამადობით აღფრთოვანებულ ნიკო კეცხოველს ერთხელ აღტაცებულს უთქვამს – სად მეცნიერებათა აკადემიაში დისერტაციის დაცვა და სად — სიმონის სუფრაო. ერთხელ, თურმე, ბატონ სიმონს ახლობელი სუფრაზე ასეთი სიტყვებით მიუწვევია – მოდი, ღვინო შევსვათ და ამ წუთისოფელს სილა კიდევ ერთხელ გავაწნათო!..
მოკლედ, გილოცავთ სუფრის დღეს და გისურვებთ „დიონისესთვის მოკრძალებულად ჩაგეხედოთ თვალებში“, ხოლო სუფრის წევრებმა (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) მამაპაპური სილა ერთმანეთს კი არა, სიმონიკას მსგავსად, მხოლოდ წუთისოფელს გააწნათ ხოლმე…