თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. შეკვეთილში 9 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე წარდგებიან ცნობილი ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები.
საღამო ეძღვნება ბალეტის ლეგენდარულ ქართველ არტისტის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას.
მოწვეული არიან ბალეტის არტისტები — ილზე ლიეპა, მიხაილ ლობუხინი, ეკატერინა პერვუშინა, იაკოპო ტისი და ალიონა კოვალიოვა (დიდი თეატრი, რუსეთი), ეკატერინა ბორჩენკო და ივან ზაიცევი (მიხაილოვის თეატრი, რუსეთი), მადინა ბასბაევა (ოპერისა და ბალეტის თეატრი "ასტანის ოპერა", ყაზახეთი).
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ — იაკობ ფეიფერლიკი და მარია იაკოვლევა (ვენის სახელმწიფო ბალეტი, ავსტრია), ლაურეტა სამესეილი და იონა აკოსტა (ინგლისის ეროვნული ბალეტი, დიდი ბრიტანეთი), სერხიო ბერნალი (ესპანეთის ეროვნული ბალეტი) და სხვ.
კონცერტის სპეციალური სტუმარი — საქართველოს ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები".
ღონისძიების დამდგმელი რეჟისორია — ბალეტის ცნობილი არტისტი და ქორეოგრაფი ანდრის ლიეპა, სამხატვრო ხელმძღვანელი — ირმა ნიორაძე.
ირმა ნიორაძე — მარიინსკის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი, რუსეთის სახალხო არტისტი (2011). დაიბადა თბილისში, 1969 წლის 15 ივნისს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები სერაფიმა ვეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი). 1987-1988 წლებში ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადის სტაჟირებას (პედაგოგები ლიუდმილა საფრონოვა და ტატიანა უდალენკოვა).
1989-1990 წლებში — თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია, სადაც ბალეტ "ჟიზელში" მისი დებიუტი შედგა. 1989 წელს წარდგა მონპელიეში, საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე საფრანგეთში, ნინო ანანიაშვილის დასთან ერთად დადიოდა გასტროლებზე. 1991 წელს კოპენჰაგენში დანიის სამეფო ბალეტის სტაჟირება გაიარა.
1992 წლიდან — მარიინსკის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტია (პედაგოგები ნინელი კურგაპკინა და ოლგა მოისეევა). 1998 წლიდან — სახელმწიფო ერმიტაჟის ბალეტის სოლისტია.
ნიორაძე აქტიურად დადის გასტროლებზე, გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე (დიდი თეატრი, რუსეთი; კოვენტ-ჰოლი, ალბერტ-ჰოლი, ელისეის მინდვრების თეატრი, მეტროპოლიტენ ოპერა). ის აგრეთვე მღერის და ვიოლინოზე უკრავს.
ბალეტის არტისტის ჯილდოები: საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ჯექსონში მესამე პრემია (აშშ, 1990), "ღირსების ორდენის" კავალერი (1996), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997), რუსეთის დამსახურებული არტისტი (2002), პრემია "ბალტიკა" (2010) და სხვ.