თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილსა და ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ პროკურატურამ მათი საქმიანობა შეისწავლოს.
შესაბამისი განცხადებით ხაბეიშვილმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ივლისში მთავრობის განკარგულებით დიდ ლილოში განთავსებული 12,9 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აუქციონის გარეშე გადაეცა კომპანია Construct Vision-ს. კომპანია ცნობილი შოუმენის გიორგი გაჩეჩილაძის სიძეს გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. მიწის ნაკვეთის ღირებულება 110 ათასზე მეტი ლარია.
"ამ თემასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის დაკითხვას, რათა მან თქვას, როგორ და რა ნიშნით შეარჩია კონკრეტული კომპანია, და ხომ არ შეირჩა ის მხოლოდ მეგობრობის ნიშნით? რა იურიდიული საფუძველი იყო იმისთვის, რომ მან გააფორმა შეთანხმება აუქციონის გარეშე და სახელმწიფოს კუთვნილი ქონება გადასცა… შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია", — განაცხადა ხაბეიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
ხაბეიშვილის თქმით, ვითარებას ის აღრმავებს, რომ, შეთანხმების თანახმად, კომპანია Construct Vision-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა მინისა და პლასტმასის მწარმოებელი ქარხანა, თუმცა ეს არ მომხდარა. უფრო მეტიც, მას სამ თვეში ბიუჯეტში უნდა ჩაერიცხა 65 ათასი ლარი, მაგრამ ამის ნაცვლად Construct Vision-ის მფლობელმა შარაშიძემ 50 ათასი ლარი მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ანგარიშზე შემოწირულობის სახით შეიტანა.
რაც შეეხება მღებრიშვილსა და ხეჩიკაშვილს, ხაბეიშვილის აზრით, მათ საქმიანობაში კორუფციული გარიგებები შეინიშნება. გასულ კვირაში შსს-მ გამოაქვეყნა აუქციონის შედეგები, რომელიც ავტომობილების მიწოდებაზე იყო გამოცხადებული და 8,6 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 176 ავტომობილის შეძენაზე კონტრაქტი გააფორმა კომპანია Iberia Auto Center-თან.
Iberia Auto Center-ის მესაკუთრეა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თუმცა 100%-იანი წილის მფლობელი მართვის უფლებით მისი ძმა ავთანდილ ხეჩიკაშვილია. გარდა ამისა, ხეჩიკაშვილს ეკუთვნის სხვა კომპანიებიც, რომლებიც ავტომობილების ბიზნესის სფეროში საქმიანობენ.
"ამ აუქციონში სხვა კომპანია არ მონაწილეობდა. მით უმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინისტრ ხეჩიკაშვილის კომპანიებთან 30 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შეთახმებები გააფორმა. ყოველ ჯერზე მინისტრის კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, მინისტრები დაიკითხონ", — განაცხადა ხაბეიშვილმა.
მთავრობის მეთაურსა და მინისტრებს ბრალდებებზე კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია არც საქართველოს პროკურატურას.