თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის საქართველომ 44–ე ადგილი დაიკავა კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (Transparency International) ადგენს. ამით საქართველომ თავისი პოზიციები გააუმჯობესა.
კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International–ი გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0–დან 100 ქულამდე სკალის მიხედვით ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.
„2016 წლის ინდექსის მიხედვით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი დონე დანიასა და ახალ ზელანდიაშია (90 ქულა), ყველაზე მაღალი კი — სომალიში (10 ქულა). საქართველოს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა) და ცენტრალური აზიის რეგიონში საუკეთესოა“, — ნათქვამია კვლევაში.
2016 წელს საქართველოს 57 ქულა მიენიჭა, 2015 წელს — 52 ქულა. შედეგად საქართველომ 2016 წელს 44-ე ადგილი დაიკავა, 2015 წელს კი — 48-ე ადგილი.
„კორუფციის აღქმის კუთხით გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება ქვეყანაში გარკვეულ პროგრესზე მიანიშნებს. ამასთან ერთად, ის გარემოება, რომ 2012–2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ანტიკორუფციული პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია“, — აღნიშნულია კვლევაში.
2012 წელს საქართველოს 52 ქულა მიენიჭა და მან 51-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთმა 29 ქულა მოიპოვა, სომხეთმა — 33 ქულა, აზერბაიჯანმა — 30 ქულა, თურქეთმა კი 41 ქულა.
ინდექსის ლიდერებს მასმედიის თავისუფლების, თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებისა და საზოგადოებისთვის საბიუჯეტო სახსრების ამსახველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე ახასიათებთ.
ქვეყნებს, რომლებმაც ქულათა უმცირესი რაოდენობა მოიპოვეს, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მასმედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი დონე ახასიათებთ.
კვლევა ეფუძნება Bertelsmann Foundation Transformation Index, Freedom House Nations in Transit, Global Insight Country Risk Ratings, World Economic Forum Executive Opinion Survey, და ასევე World Justice Project Rule of Law Index–ის მონაცემებს.