თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, განუცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" პრეს-სამსახურის თანამშრომელმა საინფორმაციო სააგენტოს Новости-Грузия.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, ჩინოვნიკმა საქართველოს მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარების სანაცვლოდ 3 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.
„ვადასტურებთ, რომ ის (აბესაძე) არის „ქართული ოცნების" წევრი, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც კორუფციაშია მხილებული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ჩვენ საზოგადოებას ჩვენ მომხრეებად და ოპონენტებად არ ვყოფთ — კანონის წინაშე ყველა თანასწორია", — განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.
ამასთან ერთად მან თავი შეიკავა აბესაძის მიმართ პარტიის მხრიდან შესაძლო სანქციებზე საუბრისგან.
გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.