ისრაელის პრემიერმა საქართველოს ტერორიზმთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
გიორგი კვირიკაშვილი და ბენიამინ ნეთანიაჰუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეეხო ვითარებას სირიაში და განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის თანამშრომლობაა საჭირო.

კვირიკაშვილი ისრაელს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ორშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე — ქნესეთის ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან.

"მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება — აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს", — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გიორგი კვირიკაშვილი და ბენიამინ ნეთანიაჰუ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ისრაელის პრემიერებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდა განიხილეს

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა მასმედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა ისრაელსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, რაც მოსახლეობის ცხოვრებისთვის უკეთესი პირობების შექმნას დაეხმარება.

ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციის მსვლელობისას საქართველოში 1999 წელს თავისი პირველი ვიზიტი გაიხსენა. მაშინ ის ასევე ისრაელის მთავრობას ედგა სათავეში. ისრაელის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იმყოფებოდა არიელ შარონი, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი გახდა.

"საქართველოში ვიზიტის შემდეგ მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი. ჩვენ მსოფლიოს რთულ წერტილებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით. მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია", — დასძინა მან.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ებრაელი და ქართველი ხალხების მეგობრობის 26-საუკუნოვანი ისტორიაზე ისაუბრა და ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის ურთიერთობებს სამაგალითო უწოდა.

"ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან სწორედ წელს აღინიშნება ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყნებმა ორმხრივ ურთიერთობებში მიაღწიეს.

თელ-ავივის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქართველი არალეგალები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებას სასჯელის გარეშე შეძლებენ

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატება მიღწეულია პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ქვეყნები დგანან მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენს ხალხსა და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ბრძოლაში", — განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

პრემიერი ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-სთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

პრემიერი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში თედო ჯაფარიძე.

ყველა ახალი ამბავი
0