თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრა გამართა და ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდის დინამიკა განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე — ქნესეთის ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან. პრემიერი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-სთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
"პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის კონკრეტულ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით არსებული კიდევ უფრო დიდი პოტენციალი", — ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერი მიესალმება ისრაელის კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების მიმართულებით და მზად არის მათი ხელშეწყობისთვის.
საუბარი შეეხო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას, რასაც საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და დაინტერესებულია ამ მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარებით.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ისრაელში 3,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, ხოლო ისრაელისგან 5,2 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წელს 9,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
2016 წელს ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ისრაელში 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, ხოლო ისრაელისგან 6,1 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 8,6 მილიონი დოლარი შეადგინა.