ისრაელმა საქართველოს 4000-მდე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა

© AFP 2024 / THOMAS COEXიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს ისრაელში ლეგალურად საქართველოს 18000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა, ხოლო ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა 4000-მდე მოქალაქეს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ისრაელის მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი 4 ათასამდე მოქალაქეს უთხრეს, ამასთან განხორციელდა 304 მოქალაქის დეპორტაცია, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თუმცა, ისრაელში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი ცხოვრებას აპირებენ, დაზღვევა, საცხოვრებლად საჭირო თანხა და ორივე მიმართულებით ბილეთი.

 „2016 წელს ისრაელში ლეგალურად საქართველოს 18 437 მოქალაქე შევიდა, ისრაელი დატოვა საქართველოს 14 327 მოქალაქემ, ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა 3 974 მოქალაქეს, ხოლო 304 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, თუმცა, შეიძლება ყველა დეპორტირებული ქვეყანაში 2016 წელს არ შესულა“, — განაცხადა ტაბატაძემ.

როგორც მან აღნიშნა,  ისრაელის ხელისუფლება უწყებას უახლოეს მომავალში 2017 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას მიაწვდის, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ არალეგალური მიგრაციის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. 

ისრაელი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა

მიგრაციული დანაშაულის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში, ქართული მხარე ისრაელს შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას შესთავაზებს. 

 „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ისრაელის მხარეს შევთავაზოთ, მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრებთ შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების შესახებ.  ამ ხელშეკრულების მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისრაელში ლეგალურად იმუშაონ და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც კანონიერად მუშაობა აძლევს ადამიანს“, — განაცხადა ტაბატაძემ. 

17 აპრილიდან, ისრაელის ხელისუფლება დეპორტირებას განახორციელებს საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს მიიღებენ.

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.

როგორც ისრაელის მასმედია ქვეყნის საემიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება,  2016 წელს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით შესაბამის სამსახურებს საქართველოს 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0