თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, ან ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვენ, შეუძლიათ სამშობლოში სასჯელის გარეშე დაბრუნდნენ, აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ისრაელმა მიმდინარე წლის მარტში საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. ამის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში საფუძვლიანი მიზეზის გარეშე თავშესაფრის მიღება არ შეუძლიათ.
სამშობლოში დასაბრუნებლად საქართველოს მოქალაქეებმა 24 ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს ან დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ისრაელში.
იმ მოქალაქეებს, ვინც ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეუძლიათ კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტები, ან სპეციალური სამუშაო ვიზით.
გარდა ამისა, საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს მათ აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური. მათ მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში, რაც გულისხმობს დროებითი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უფასო სამედიცინო მომსახურებას, იურიდიულ დახმარებასა და პროფესიულ განათლებას ერთი წლის განმავლობაში.
აქამდე საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ხორციელდებოდა ისრაელში შესვლის უფლების ჩამორთმევით.
საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. იქ ჩასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ნომრის ჯავშანი ან ნათესავის მისამართი, სადაც იცხოვრებენ, დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და ორივე მიმართულების ბილეთი. ასეთივე დოკუმენტები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში გასამგზავრებლად. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდა.