„ისტორია ავტოგრაფებში“ – გამოფენა ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში

© Sputnik / Levan Avlabreliვახტანგ ჭაბუკიანის სახლ–მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ–მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში მოგითხრობთ ადამიანზე, რომელმაც ქართული ბალეტის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. 25 ივლისს გამოჩენილი ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ავტოგრაფებში შემონახული ისტორია“.

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურში იუწყებიან, რომ ექსპოზიციაზე პირველად იქნება წარმოდგენილი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა–მუზეუმის ფონდებში დაცული საარქივო მასალა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი წარწერები ვახტანგ ჭაბუკიანისადმი სამახსოვროდ მიძღვნილ წიგნებსა თუ ნივთებზე. 

„გამოფენა „ავტოგრაფებში შემონახული ისტორია“ გვიყვება იმ პიროვნების ისტორიას, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში, ქართული ბალეტის პოპულარიზაციაში და თაობათა ჩამოყალიბებაში“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
თბილისის განახლებულ მუზეუმში ვახტანგ ჭაბუკიანის იშვიათი კოსტიუმები გამოფინეს

დამთვალიერებელი იხილავს მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ ჭაბუკიანისთვის ნაჩუქარ ნამუშევარს „ცეკვა ირმულა“, მხატვარ ელენე ახვლედიანის სამახსოვრო ნახატს „შატილი“, დირიჟორ ვახტანგ ფალიაშვილის ნაჩუქარ წიგნს „ბალეტმაისტერის ხელოვნება“ პირადი მინაწერით, ფრანგული ბალეტის ფუძემდებლის, ბალეტის მოცეკვავე სერჟ ლიფარის სამახსოვრო წიგნებს, ჭაბუკიანის პარტნიორის ნატალია დუდინსკაიას ბიოგრაფიულ წიგნს (ავტორი გ. კრემშევსკაია), სხვადასხვა ცნობილი ადამიანებისგან მიძღვნილ სამახსოვრო წარწერებს. 

გამოჩენილი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, ბალეტში მამაკაცის ცეკვის რეფორმატორი ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წლის 27 თებერვალს (12 მარტს) დაიბადა თბილისში. 12 წლის ასაკში იგი ჩაირიცხა თბილისში მოღვაწე ცნობილი იტალიელი მოცეკვავის მარია პერინის საბალეტო სტუდიაში და 1924 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.

1926-1929 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი სწავლობდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929-1941 წლებში — კიროვის სახელობის ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის არტისტი იყო. ამ თეატრში მისი, როგორც ბალეტმაისტერის დებიუტიც შედგა.

ვახტანგ ჭაბუკიანი ოტელოს როლში - Sputnik საქართველო
„ცეკვის ჯადოქარი“ – ვახტანგ ჭაბუკიანი

1933 წლის ნოემბერში ბალერინა ტატიანა ვეჩესლოვასთან ერთად აშშ-ში გასტროლებზე იყო, სადაც 30-ზე მეტი კონცერტი გამართა. 1933 წლიდან მოყოლებული გასტროლებზე იყო აშშ-ში (1933, 1934, 1964), იტალიაში (1934), ირანში (1942), ლათინური ამერიკის ქვეყნებში (1958), ავსტრიაში (1958). დადგა სპექტაკლები იაპონიაში, ირანში, უნგრეთში. 1941 წლიდან ჭაბუკიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1973 წლამდე იგი ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. 1968 წლამდე საბალეტო სპექტაკლებში წამყვან პარტიებს ასრულებდა.

1950-1973 წლებში იყო თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი და უფროს კლასებში კლასიკური ცეკვის პედაგოგი (1982 წლიდან — მთავარი კონსულტანტი). 1965-1970 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ბალეტმაისტერთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა. აღზარდა უამრავი ნიჭიერი არტისტი.

ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წელს. დაკრძალულია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ყველა ახალი ამბავი
0