კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ საკრავებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში კი იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო” და „რერო”.
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო”, „მე, გამომძიებელი”, „წყალწაღებული”, „ვერის უბნის მელოდიები”, „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი”, „მიმინო”, „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს”. ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო’’ კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
„მიმინოს" გმირების — ბუბა კიკაბიძის, ევგენი ლეონოვისა და ფრუნზიკ მკრტჩიანის ძეგლები პირველად ქალაქ სოჭში დაიდგა 2007 წლის 20 ივლისს (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი), 2011 წელს — სომხეთში, ქალაქ დილიჟანში (მოქანდაკე არმენ ვართანიანი). 2011 წელსვე, ოქტომბერში თბილისში, მეტროს სადგურ „ავლაბართან" ახლოს მდებარე სკვერში „მიმინოს" გმირების სკულპტურები გაიხსნა, თუმცა მათ რეჟისორ გიორგი დანელიას ძეგლიც დაემატა (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი).
ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე’’ 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები’’ კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
საინტერესო ფაქტები ვახტანგ კიკაბიძეზე:
მას არაერთი პრემია, პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
— ღირსების ორდენი (1994 წ)
— ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (1997 წ)
— ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი (უკრაინა, 1997 წ)
— წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი (რუსეთი, 1998 წ)
— პრიზი „ოქროს გრამოფონი” (1998 წ).
— 1999 წელს გახდა ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი.
— 1999 წელს მოსკოვის „ვარსკვლავების მოედანზე” გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
— როდესაც ლონდონში ფილმ „აგვისტოს 5 დღის" პრემიერა შედგა, მას ესწრებოდა ჰოლივუდელი მსახიობი ენდი გარსიაც, რომელიც ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ როდესაც ვახტანგ კიკაბიძე შემოვიდა კინოდარბაზში, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ბუბას გარს შემოეხვივნენ. ამის შემხედვარე ენდი გარსიას გაუკვირდა, ვინ არის ეს ვახტანგი, ხალხი მის გამო ასეთ დღეში რომ არისო.
— მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში THE INTERNATIONAL WHO’S WHO.
— თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1998 წელს.
მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა.