ვახტანგ კიკაბიძე: ვოცნებობ, რომ არ ისროდნენ

© photo: Sputnik / Владимир Родионов / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-მა ვახტანგ კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა და მის მომავალ გეგმებს გაეცნო.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე თავის დაბადების დღეზე ყველას მშვიდობიან ცას უსურვებს.

დღეს, 19 ივლისს ვახტანგ კიკაბიძეს 78 წელი შეუსრულდა.

„ვოცნებობ, რომ არ ისროდნენ, რომ ადამიანებს უხაროდეთ ერთმანეთის დანახვა, სხვა საოცნებო არაფერია… ეს, ალბათ, ყველაზე დიდი უბედურებაა“, — განუცხადა Sputnik-ს კიკაბიძემ.

დაბადების დღეს ბუბა კიკაბიძე, როგორც ყოველთვის, სცენაზე ზეიმობს, ამჯერად — ბათუმში. მისი სოლო კონცერტები 19 და 20 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 20:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე: ცხოვრება ხანმოკლეა და მისი გაფუჭება არავისთვის შეიძლება

კიკაბიძე თავის ლეგენდარულ ჰიტებს შეასრულებს. ბუბასთან ერთად სცენაზე გამოვლენ თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე და ლიზა ბაგრატიონი.

გარდა ამისა, ერთ კვირაში კიკაბიძე სოლო კონცერტით ლატვიაში მიემგზავრება, შემდეგ კი — ყაზახეთში, უკრაინასა და იტალიაში.

Sputnik-ი დაინტერესდა, გადაწყვიტა თუ არა მომღერალმა მონაწილეობა გიორგი დანელიას „მიმინოს“ გაგრძელებაში — „მიმინო — ფრენა გრძელდება“. ფილმის იდეის ავტორია ქართველი ბიზნესმენი ზურაბ ჩიგოგიძე. ამაზე ბუბამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხის გაცემა.

„სცენარი ჯერ არ არის. ვნახოთ, უნდა წავიკითხო. თუ საინტერესო იქნება, დავთანხმდები“, — განაცხადა კიკაბიძემ.

ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. მუსიკამ სკოლის პერიოდში გაიტაცა, დაიწყო სტუდენტური ორკესტრის რეპეტიციებზე დასწრება, უკრავდა დასარტყამ საკრავებზე, მღეროდა.

1959 წელს კიკაბიძე თბილისის ფილარმონიის მსახიობი გახდა. ესტრადაზე მისი შემოქმედებითი გზა 1960-1970-იან წლებში დაიწყო ანსამბლებიდან „დიელო“ და „ორერა“.

კინოში ვახტანგ კიკაბიძის დებიუტი 1966 წელს შედგა ფილმში „შეხვედრა მთაში“. მისი სერიოზული ნამუშევარი კი 1969 წელს გიორგი დანელიას ფილმში „არ იდარდო“ იყო, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ სერგო ზაქარიაძე, სოფიკო ჭიაურელი, ანასტასია ვერტინსკაია, ევგენი ლეონოვი. ამ ნამუშევრისთვის კიკაბიძემ კარტახენის (ესპანეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მიმინოს სხვა ფინალი ჰქონდა - ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
"მიმინოს" სხვა ფინალი ჰქონდა - ვახტანგ კიკაბიძე

ამას მოჰყვა სხვა ფილმებიც: „მე, გამომძიებელი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „დაკარგული ექსპედიცია“ და სხვა.

დიდი პოპულარობა მოუტანა მსახიობს გიორგი დანელიას კომედიამ „მიმინო“ (1977).

1981 წელს კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი გადაიღო — „იცოცხლე, გენაცვალე!“. ამ ფილმისთვის მან 1983 წელს გაბროვოს ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. ამის შემდეგ კიდევ ერთი — მუსიკალური ფილმი „მამაკაცები და სხვები“ გადაიღო, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

ვახტანგ კიკაბიძეს მრავალი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0