ვახტანგ კიკაბიძე: ცხოვრება ხანმოკლეა და მისი გაფუჭება არავისთვის შეიძლება

© photo: Sputnikვახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის პირველი წიგნი წარდგება საზოგადოების წინაშე. საქართველოში მას უბრალოდ ბუბას ეძახიან და ყველამ იცის, სად ცხოვრობს. რაზე მოგვითხრობს წიგნი და როგორია ვახტანგ კიკაბიძის ცხოვრება, რა არის მისი ოჯახური ბედნიერების და სიყვარულის საიდუმლო - ამაზე ქართველი ვარსკვლავი Sputnik-თან საუბრობს.

გასული წელი კიკაბიძისთვის გასტროლებით დატვირთული იყო. სოლო კონცერტები ისრაელში, მონტე-კარლოში, ინგლისში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთსა და ამიერკავკასიაში, დიდი საგასტროლო ტური უკრაინაში. სხვათა შორის, როგორც თავად ბატონი ვახტანგი ამბობს, უკრაინაში მაშინ მღერის, როცა რუსულად სიმღერა მოეწადინება, ან როცა — ესეც მისი თქმით — „ატხადნიაკი“ ეწყება. 

განსაკუთრებული მოუთმენლობით ელის პირველი წიგნის გამოცემას, რომლის სამუშაო სახელწოდებაც არის „ისინი“. ამბობს, რომ წიგნი, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ დროისათვის მისი გამოქვეყნების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

— რატომ „ისინი?“

— მასში სამი ნოველაა „თეთრ ყვავებზე“. ეს სხვადასხვა ეროვნების ძალიან საინტერესო ხალხია; ის ადამიანები არიან, ვისზეც ცხოვრება დგას. უჩვეულოდ წესიერები. არ მიყვარს, ავტობიოგრაფიულ წიგნებს რომ წერენ და სულ „მეს“ გაიძახიან… ჩემს გარშემო კი იმდენი ხალხი აღმოჩნდა, იმდენი არაჩვეულებრივი“ ადამიანი, რომ წავიდა და წავიდა.

— გვიამბეთ ერთი ასეთი „არაჩვეულებრივი ადამიანის“ შესახებ.

— არის ერთი გმირი, საშა — თბილისელი სომეხი, ამერიკაში ცხოვრობს. დიდი ხნის წინ გავიცანი. მაშინ სულ ახალი გამოსული იყო ძვირადღირებული სახლის კინოთეატრები. ის კიდევ მაგათი დილერი იყო საბჭოთა კავშირში და მოსკოვში ჰქონდა ბაზა. ერთხელაც ოჯახთან ერთად მივფრინავდი სან-ფრანცისკოში. საშაც ჩვენთან ერთად მგზავრობდა. და უცბად მეუბნება, პილოტის კაბინაში არასდროს ვყოფილვარო. მეც ვუთხარი ეს სტიუარდესებს. ნახევარი საათის მერე გოგოები მოვიდნენ და მფრინავების კაბინაში მიგვიწვიეს. საშა ისეთი ინტერესით ათვალიერებდა, რომ… იცით, რა დრო იყო? აი, ხელფასებს რომ აგვიანებდნენ — მარტო საქართველოში კი არა, ყველგან. ისე მოხდა, რომ უკანა გზაზე ისევ იმ პილოტების გუნდი მართავდა თვითმფრინავს და მეც მისასალმებლად შევედი. კაპიტანი მომიბრუნდა და საშაზე მეკითხება რაღაცას. რა იყო-მეთქი? რაო და, უკან რომ დავბრუნდით, ახალგაზრდა კაცი დაგვხვდა, ჩაჰალსტუხებული, და დიდი ტელევიზორი მოგვიტანაო!   ასეთი რამეები იშვიათად ხდება… 

წიგნის გარდა ბატონი ვახტანგის მაგიდაზე სცენარიც დევს — რუსულ ენაზე. მაგრამ გადაღებით საქართველოში უნდა გადაიღონ. სხვა ქვეყანაში რომ გადავიღოთ, ამ ისტორიებს არავინ დაიჯერებსო, ამბობს ბუბა. ეს ნოველური კინოა — ტრადიციული ქართული ტრაგიკომედია, სასაცილო და ფილოსოფიური. 

— უბრალოდ, ეს მოდური კინო არ არის. ახლა რას იღებენ? „მენტები“, მეძავები, სერიალები… ეს კი საფესტივალო კინოა. ახლა ნოველური ფილმის დიდი დეფიციტია. ადრე ქართველები და იტალიელები იღებდნენ ხოლმე, ახლა კი რატომღაც აღარ შეუძლიათ. 

— თქვენთვის არის როლი?

— პროდიუსერის პირობაა ესეთი, რომ მეც ვითამაშო. 

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИვახტანგ კიკაბიძე მიმინოს როლში
ვახტანგ კიკაბიძე მიმინოს როლში - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე მიმინოს როლში

— ბატონო ვახტანგ, დანელიამ თქვა როგორღაც თქვენზე, მსახიობი და მომღერალი რომ არ გამოსულიყო, პროფესიონალი მხატვარი ან მეთევზე გამოვიდოდაო. ეს სერიოზულად თქვენი საყვარელი გატაცებებია? 

— მართლა? (იცინის). ეს ავადმყოფობაა, კი. ბავშვობიდან დამათრევდნენ სათევზაოდ. ამასწინათ კი კანადაში ვიყავი სათევზაოდ. სწორედ მაგ დორს ორაგული მოდიოდა — კარგა მსხვილი. პირველი ორაგული მე დავიჭირე. იმ კაცს, ბორისს, რომელმაც კანადაში დამპატიჟა — იქ ცხოვრობს — მუსიკალური სმენა არ აქვს. ჰოდა, საღამოს ბარბექიუს წვავენ, ხიზილალა უკვე მომზადებული აქვთ და ჩემს ბიჭს ეუბნება: კოკა, მამაშენი თუ ისევე კარგად მღერის, როგორც თევზს იჭერს, ესე იგი, კარგი მომღერალი ყოფილაო. თავისი რეზიუმე დაასვა! 

ბუბა თავისი საფირმო ღიმილით იღიმება და მორიგ სიგარეტს უკიდებს. 

— უბრალოდ ეს ძალიან საინტერესო სპორტია. წყალი, სიმშვიდე, სიჩუმე, არავინ გაწუხებს, ხელს არავინ გიშლის, შენთვისზიხარ… ახლა აპრილს ველოდები, იმიტომ რომ აპრილში სეზონი იწყება. ძირითადად კახეთში დავდივარ სათევზაოდ. ადრე საქრათველოს ფარგლებს გარეთ დავდიოდით, აზერბაიჯანში… საერთოდ, ყველგან ვთევზაობ, სადაც კი გასტროლებზე ჩავდივარ. ჩემი დირექტორი ყოველთვის ყველას აფრთხილებს, თუ გინდათ კიკაბიძეს ასიამოვნოთ, ქეიფი არაა საჭირო, სჯობს ათევზაოთო. 

— რაც შეეხება ხატვას…

— ძალიან მინდოდა მეხატა, ძალიან. რაღაცას ვხატავდი ბავშვობაში, ძირითადად რატომღაც კარიკატურებს. ბევრი მხატვარი მეგობარი მყავს და ყოველთვის მშურდა მათი, რომ დილით „პახმელიაზე“ ხატვით გამოდიოდნენ, რაღაცას ხატავდნენ და ლამაზად გამოსდიოდათ. ცხოვრებაში არაფერი დამიწერია, მით უმეტეს, ლექსები ან მუსიკა, არც პროზა, მაგრამ ახლა ძალიან სწრაფად ვწერ. 

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИსოფიკო ჭიაურელი და ვახტანგ კიკაბიძე. ფილმი "ვერის უბნის მელიდიები", არქივის ფოტო.
სოფიკო ჭიაურელი და ვახტანგ კიკაბიძე. ფილმი ვერის უბნის მელიდიები, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
სოფიკო ჭიაურელი და ვახტანგ კიკაბიძე. ფილმი "ვერის უბნის მელიდიები", არქივის ფოტო.

— ხელით წერთ? 

— კი, ხელით. ტელეფონში დარეკილ ზარებსაც კი ვერ ვპოულობ, რომ ვნახო, ვინ დამირეკა (იღიმება).

— როდის დაიწყეთ სიმღერების წერა?

— სიმღერების პრობლემა გამიჩნდა. ძალიან ბევრი ავტორი, კომპოზიტორი, პოეტი, ვინც ჩემთან მუშაობდა, ცოცხალი აღარ არის, ახალგაზრდებში კი ვერავინ ვიპოვე ისეთი, ვისაც ისეთი რამის დაწერა აინტერესებს, რისი მღერაც მე მაინტერესებს. ჰოდა, ცოლს ვუთხარი, მოდი. მოვსინჯავ-მეთქი. ჩემები იუმორით შეხვდნენ ამ ამბავს, იმიტომ რომ არასდროს მიკეთებია ეს საქმე. მახსოვს, ორი ბოთლი არაყი ავიღე, ოთახში შევიკეტე და დილისთვის უკვე ხუთი სიმღერა მქონდა დაწერილი. ადამიანი სულ რარაცით უნდა იყოს დაკავებული. არ გამოვა? ნუ გამოვა. ის მაინც ეცოდინება ზუსტად, ტალანტი აქვს თუ არა. 

— და მაინც, რომელია თქვენთვის უფრო ახლოს — კინო თუ სიმღერა?

— ალბათ უფრო სიმღერა. 

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИქართველი საესტრადო მომღერალი, მსახიობი, სცენატისტი, კინორეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე.
ქართველი საესტრადო მომღერალი, მსახიობი, სცენატისტი, კინორეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე. - Sputnik საქართველო
ქართველი საესტრადო მომღერალი, მსახიობი, სცენატისტი, კინორეჟისორი ვახტანგ კიკაბიძე.

— ხომ არ გეჩვენებათ, რომ კინოში შემთხვევით მოხვდით?

— კი (იცინის). წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ კინოში გადამიღებდნენ. 

კინოში კი ბატონი ვახტანგი გენიაური ქართველი მსახიობის, ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძის წყალობით მოხვდა, რომელიც გიორგი დანელიას დეიდა გახლდათ. სწორედ მანს სთხოვა რეჟისორს, ესინჯა „ბიჭი „ორერიდან“. იმ დროისათვის ვახტანგ კიკაბიძეს უკვე ნათამაშები ჰქონდა როლი ფილმში „შეხვედრა მთაში“ (1966, რეჟისორი ნ. სანიშვილი), თუმცა მას შემდეგ მთელი ოთხი წელი აღარ გადაეღოთ. 

— დანელის პირველად რომ შევხვდი, ვიგრძენი, რომ არ მოვეწონე. თურმე, სცენარის მიხედვით, მთავარი გმირი მსუქანი, წითური და გაოფლილი კაცი უნდა ყოფილიყო. 

— ანუ, თქვენი სრული ანტიპოდი.

— აბსოლუტური! მაგრამ მაინც დამინიშნეს შეხვედრა. მივედი. გადაღებები უკვე დაწყებული იყო. სასტუმროში ცხოვრობდნენ. კვირა იყო და ხალხს ჯერ ისევ ეძინა. ვიღაც დაბალი, გაყვითლებული კაცი მოვიდა. მოუკიდა ერთ სიგარეტს, მოწია, გადააგდო. მოუკიდა მეორეს. ისიც მოწია, გადააგდო. თურმე ბოტკინი აქვს, მე კიდევ არც ვიცოდი. მეუბნება, დაიყვირეო. უხერხულია, ხალხს სძინავს–მეთქი. მერე სცენარი მომცეს და მითხრეს, წადი და დაგირეკავთო. არადა, ერთ კვირაში თურქეთში მივდივართ, გასტროლებზე. სცენარი წავიკითხე, ძალიან მომეწონა და გული დამწყდა. ოთხი დღე არ დაურეკავთ. მეხუთე დღეს დამირეკა დანელიამ, მითხრა, ნათესავებთან ვარ ჩამოსული და გამომყევიო. წავედით. ბევრი ხალხი იყო სტუმრად — ქალები, და ყველამ დაიწყო: „ეს ვინ მოუყვანია გიას? ბუბა მოუყვანია!“ თან მეხვეოდნენ, მეფერებოდნენ. მეორე დღეს გიამ ვიღაც ძია–კაცთან წამიყვანა და უკვე მივხვდი, რომ ეს სინჯები იყო.

© SPUTNIK/ И. ГНЕВАШЕВგიორგი დანელია "მიმინოს" გადაღებისას
გიორგი დანელია  მიმინოს გადაღებისას - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია "მიმინოს" გადაღებისას
   

— ესე იგი, დანელია გამოწმებდათ?

— ჰო, ასე მაკვირდებოდა. და ეტყობა გადაწყვიტა, რომ გაერისკა. ვეუბნები, რამე გადაირეთ, თორემ ორ დღეში გასტროლებზე მივდივარ–მეთქი. დანელიამაც მაჭანკლობის სცენა გადაიღო. ძალიან სერიოზული სცენა იყო, რთული — სოფიკო ჭიაურელთან და ნასტია ვერტინსკაიასთან ერთად. სერგო ზაქარიაძე რომ დავინახე, მუხლი მომეკვეთა, არადა, უნდა მელაპარაკა მასთან. გადაიღეს. 

მოკლედ, წავედი თურქეთში და ათი დღის მერე სტამბოლის საბჭოთა წარმომადგენლობიდან გვირეკავენ, კიკაბიძე სასწრაფოდ გამოცხადდეს წარმომადგენლობაშიო. ვიფიქრე, ვინმე ავად გახდა–მეთქი. მივვარდი, იქ კიდევ ტელეგრამა დამახვედრეს, რომელშიც ეწერა: „გილოცავთ! მსახიობი კიკაბიძე დამტკიცებლია მთავარ როლზე ფილმში „არ დაიდარდო“. „მოსფილმის“ დირექტორი პოზნერი“. 

გადაღების პირველი დღე კარგად მახსოვს. დანელიამ ჯიბიდან დანა ამოიღო და რიყის ქვაზე დაიწყო ლესვა… ფილმის ბოლომდე ამ დანას ლესავდა. ბოლოსკენ უკვე სადგისს ჰგავდა. მოპარვა მინდოდა, მაგრამ ვიღაცამ დამასწრო (იღიმება). 

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИვახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიას ფილმში "არ დაიდარდო"
ვახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიას ფილმში არ დაიდარდო - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე გიორგი დანელიას ფილმში "არ დაიდარდო"

„არ დაიდარდოს“ შემდეგ ვახტანგ კიკაბიძე და გიორგი დანელია ძალიან დამეგობრდნენ და მის კიდევ სამ სხვა ფილმში მიიღო მონაწილეობა. როგორც მსახიობმა გვითხრა, ყველასათვის საყვარელ „მიმინოს“ სულ სხვა ფინალი ჰქონია, მაგრა საბჭოთა ცენზურას დაუწუნებია. 

— ფინალი მთლიანად მოჭრეს. ფილმი ხვანაირად მთავრდებოდა, მთელი ფოკუსი ფინალში იყო. ხომ გახსოვთ, ფილმის ბოლოს, მიმინო ბოთლის გახსნას რომ ცდილობს და სტიუარდესა რომ ეუბნება, გასახსნელი ხომ არის და რატომ წვალობთო? მაგ დროს თვითმფრინავი მიმინოს სამშობლოს თავზე მიფრინავს. სცენის ბოლოს ჩემი გმირი ბოდიშს უხდის და ეუბნება, მარინა — თუ რაც ერქვა, აღარ მახსოვს — გინდა, თვითმფრინავიდან გადავხტეო? ის პასუხობს, არაო. მიმინო ამბობს, მე კიდევ, მინდაო და ჩადის…თვითმფრინავიდან. ფილმში კი ეს არ არის.

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИვახტანგ კიკაბიძე მიმინოს როლში
ვახტანგ კიკაბიძე მიმინოს როლში - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე მიმინოს როლში
 

ფილმიდან ასევე მთლიანადაა ამოჭრილი პერსონაჟი პეტრე, სოფლელი ნალბანდი (ცხენებისთვის ნალების დამჭედებელი), რომელიც ვალიკოს ამერიკულიი ნალების ჩამოტანას სთხოვს. იმის შემდეგ, რაც მიმინო თვითმფრინავიდან ჩადის, ვალიკოსა და პეტრეს საუბრი სცენა უნდა ყოფილიყო — უზარმაზარი, დათოვლილი მთებისა და მუსიკის ფონზე. 

— და ვალიკოს სადღაც მთებში ფეხი დაუცდა და დასრიალდა. ამ ყველაფერს სერიოზულად ვასრულებდით, არც კი გვეღიმებოდა: „გამარჯობა“ — „გაგიმარჯოს“,  „საიდან მოდიხარ, ვალიკო?“, „ფრენის ამინდი არ იყო და ფეხით მოვედი, ნალები ჩამოგიტანე“, „ნალები აღარ მჭირდება, ბოსტონს დავუმეგობრდით და ეხლა ისინი გვიგზავნიან ნალებს. მაგრამ ლურსმნები არ გვაქვს. ლურსმნები ხომ არ ჩამოგიტანია?“… ასეთი იდიოტური ტექსტი იყო. ვალიკომ რომ წასვლა დააპირა, პეტრეს ხარხარი აუტყდა, უკანალზე შარვალი გაგრღვევიაო. ვალიკო ეუბნება, სულელი ხარ შენ, პეტრე, მარცხნივ ყაზბეგი ჩანს, მარჯვნივ — იალბუზი, ესეთ სილამაზე და შენ კიდევ ტრ…ზე მომჩერებიხარო. ამაზე იყო ფილმი… 

© SPUTNIK/ ГАЛИНА КМИТფილმ "მიმინოს" შემქმნელები
ფილმ მიმინოს შემქმნელები - Sputnik საქართველო
ფილმ "მიმინოს" შემქმნელები
  

— გვიამბეთ, როგორ გამოგდიოდათ ფრუნზიკ მკრტიჩიანთან მუშაობა? 

— რომ გავიცანი, გავოგნდი, იმდენად სასაცილო სახისა იყო, მაგრამ თვალები ჰქონდა სულ ძალიან სევდიანი. მერეღა გავიგე, რომ ურთულესი ცხოვრება ჰქონია და ასეთი დრამები ხდებოდა: ერთი ცოლი მოუკვდა, მეორეც მოუკვდა, ქალიშვილი გარდაეცვალა, ვაჟი დაეღუპა… ყველა დაეღუპა. გადაღების მერე გაუჩინარდებოდა ხოლმე. სად დადიოდა, რას აკეთებდა, არაფერი ვიცოდით. მთვრალი არ მინახავს, დილით გადაღებაზე ფხიზელი მოდიოდა. რომ სვამდა, მერეღა მივხვდი, როცა დავმეგობრდით. დარდისგან სვამდა. 

ბუბა კიკაბიძეს სასაცილო რამ შეემთხვა ფრუნზიკ მკრტიჩიანთან „არ იდარდოს“ გადაღებებზე. სცენას მცხეთაში, ტაძარში იღებდნენ. ფრუნზიკმა ძველქართული წარწერა დაინახა, სომხურს მიამსგავსა და ბუბას გაეხუმრა, ეს ეკლესიაც სომხებმა აგიშენესო?!

— ვეუბნები, რას ჰქვია, სომხებმა აგვიშენეს–მეთქი?! „მიყიდა“ რა. იმის მერე სულ ვფიქრობდი, როგორ გადამეხადა სამაგიერო. და აი, „მიმინოდან“ სცენას ვიღებთ სასტუმრო „რასიას“ რესტორანში. იმ სასტუმროშივე ვცხოვრობდით. ტელეფონები რატომღაც ფანჯრების რაფებზე იდგა. უნდა ამდგარიყავი საწოლიდან და ტელეფონთან უნდა მიგერბინა. დილის ოთხ საათზე დავურეკე ფრუნზიკას. ყურმილში შეშინებული ხმა გავიგონე. ვეუბნები, ფრუნზიკ, ბოდიში, რომ გაღვიძებ, მაგრამ ახლა სომხებზე ისეთ გადაცემას ვუსმინე „ამერიკის ხმით", რომ არ შემიძლია არ მოგიყვე: თურმე არქეოლოგებს სომხეთში ქვა უპოვიათ და ზედ „სომხური კომკავშირის 500 წლისთავი“ აწერია–მეთქი… და ამიტყდა ხარხარი. ის კიდევ ხმას არ იღებს. ვეკითხები, რატომ არ იცინი–მეთქი? იცით, რა მითხრა? მაგ არქეოლოგებს ჩემთვის გამოძინება რომ ეცლიათ და ეგ ქვა 3–4 საათის მერე რომ ეპოვათ, არ შეიძლებოდაო? აი, ასე ვსულელობდით (იცინის). 

© SPUTNIK/ ГАЛИНА КМИТვახტანგ კიკაბიძე და ფრინზიკ მკრტჩიანი
ვახტანგ კიკაბიძე და ფრინზიკ მკრტჩიანი - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე და ფრინზიკ მკრტჩიანი

 

ვახტანგ კიკაბიძეს სწავლა ეზარებოდა და როგორც თავად ამბობს, არაერთხელ ჩარჩენილა კლასში. სამაგიეროდ ძალიან უყვარდა კითხვა, რაც მისი ბავშვობის დროინდელი რუსულენოვანი მეზობლი, რაიას დამსახურება ყოფილა. 

— ქმარი ჰყავდა დახვრეტილი, თვითონ ცუდად ხედავდა და მე ვეხმარებოდი პენსიის მიღებაში. ოთახში ედგა ერთი საწოლი, ერთი მაგიდა, ორი სკამი. დანარჩენი ადგილი სულ წიგნებს ეკავა. ჰოდა, დეიდა რაიამაც დაიწყო ჩემთვის წიგნების მოცემა წასაკითხად. მეც ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ეს სულ სხვა ცხოვრება იყო. დღეს კი ინტერნეტმა წიგნი განდევნა. ახალგაზრდობა, ძირითადად, აღარც კითხულობს, რაც ძალიან სამწუხაროა. ინტერნეტით 20 წუთში შეგიძლია წაიკითხო „ომი და მშვიდობა“. 

— ან მოისმინო.

— და თქვა, რომ წაკითხული გაქვს. მასინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. 

— მართალია, რომ მამათქვენი ომამდე ჟურნალისტად მუშაობდა? 

— კი… თვითონ წავიდა ფრონტზე. არ მიჰყავდათ, თვალში კარგად ვერ ხედავდა: –8 თუ –10 ჰქონდა. მამა სულ 32 წლისა იყო, როგორც მახსოვს. დედაჩემი მეუბნებოდა, ასე ამბობდა, რომ ქუჩაში სიარულისა მცხვენიაო. 42–ში მიიღო შეტყობინება, რომ მამა დაიღუპა. 

— მაშინ, რატომ ეძებდით ასე დიდხანს?

— მაინტერესებდა, სად იყო დაკრძალული. ქერჩში დიდი მემორიალური დაფა დგას. ერთხელ იასენევოში მიმიწვიეს კონცერტით. კონცერტის მერე ვახშამი გაიმართა, მთელი გენეტალიტეტი ესწრებოდა. როგორღაც საუბარში ვუთხარი, რომ დაკარგულ მამას ვეძებდი. ისინიც დამპირდნენ,არქივეში მოვძებნით გვარსო. ისეთი გახარებული ჩამოვფრინდი უკან… ერთი თვის მერე დარეკეს. გვარი კიკაბიძე ძალიან დიდი გვარი არ არის და მხოლოდ ერთი ეპოვათ, მაგრამ არც ერთი დაემთხვა. აი, როგორც მერე მითხრეს, თურმე არსებობდა რაღაც სამსახურები, რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებდა. რაღაც ცალკეული სპეციალური ორგანიზაციები — დაზვერვა და სხვები. მამაჩემმა უბრალოდ კარგად იცოდა გერმანული და ფრანგული. მაშინ ხშირად ხდებოდა, რომ დაკარგულ ადამიანებს ოცი და მეტი წლის გასვლის მერე პოულობდნენ ცოცხლებს. მაგალითად, აბელი — იყო ასეთი ცნობილი მზვერავი. 

© SPUTNIK/ Sergey Guneevანსამბლი "ორერა".
ანსამბლი ორერა. - Sputnik საქართველო
ანსამბლი "ორერა".

— და თქვენც იმედი გქონდათ? 

— კი. დედას რომ ვასაფლავებდი — აცხონოს უფალმა! — მამაჩემის სურათი ჩავაყოლე, რომ ვითომ მამაც იქაა. 

— ესე იგი, დედათქვენი ქერჩის მემორიალის სანახავად არ ყოფილა?

— დედა არა, მე რამდენჯერმე ვიყავი. ჩემი მეგობრის მამაც იქ იბრძოდა და ცოცხალი დაბრუნდა. ის ყვებოდა ხოლმე, რომ ზღვა ნაპირიდან 50 მეტრის მანძილზე წითელი იყოო — სისხლისგან წითელი, ისეთი ხოცვა–ჟლეტა ყოფილა. საერთოდ, ქერჩის ოპერაცია საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს უხეში შეცდომა იყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათგან 70% ქართველები იყვნენ. სხვა ერებთან შედარებით, ქართველებისთვის ეს უზარმაზარი დანაკარგია. 

— დედას, ალბათ ძალიან გაუჭირდა, მარტოები რომ დარჩით.

— დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო. ბევრი თხოულობდა, მაგრამ არაფრით არ გათხოვდა. მეუბნებოდა, მამაშენი ისეთი კაცი იყო, აუცილებლად დაბუნდებაო. 

— სიცოცხის ბოლომდე ელოდებოდა?

— კი.

— დედა რას საქმიანობდა?

— მომღერალი იყო. მისმა ძმამ დააარსა პირველი ჯაზ–ორკესტრი საქართველოში და იქ მღეროდა. იმის მერე ბევრი წლის განმავლობაში მღეოდა სახელმწიფო კაპელაში, და ოთხი წელიც სიონის საკათედრო ტაძარში. 

— ფინანსურად გიჭირდათ?

— ძალია გვიჭირდა. ვშიმშილობდით. ადრე დერეფანი ყოფილა, მერე სამი კარით გადაეტიხრათ და იქ ვცხოვრობდით. მარჯვენა მეზობლებთან კარი აჭედილი იყო, მარცხენასთან კი ღია და ამ კარით შევდიოდით ჩვენს ოთახში. კარ–ფანჯარას ვეძახდით, იმიტომ რომ, როცა ვკეტავდით, რვა კვადრატულ ოთახში ჰაერი აღარ იყო. ესე ვცხოვრობდით. 

დედაჩემთან მივრბოდი ხოლმე ეკლესიაში, ვითომ სკოლის მერე, და ერთად ვბრუნდებოდით შინ. ეკლესიებში იესოს სხვადასხვა მხატვრები ხატავდნენ და ვერაფრით ვხვდებოდი, სინამდვილეში როგორი იყო. დედაჩემი კიდევ ძალიან მორწმუნე იყო და ერთხელაც ვკითხე, ქრისტე გინახავს–მეთქი? ყოველდღე ვხედავო. ვინ არის–მეთქი და შენ ხარო, ღმერთი შენშიადა თითოეულ ადამიანშიო! როგორი კაციც გაიზრდები, როგორიც გახდები, ისეთი ღმერთიც გეყოლებაო. კითხვა უყვარდა, გამუდმებით კითხულობდა წიგნებსაც და გაზეთებსაც.

© SPUTNIK/ ЮРИЙ АБРАМОЧКИНსაესტრადო მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე
საესტრადო მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
საესტრადო მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე
 

— დედა, ალბათ, თქვენთვის ქალღმერთი იყო?

— ვეთაყვანებოდი, კი, ძალიან მიყვარდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი (ადრე დავიწყე მოგზაურობა, ალბათ, 50 ან მეტი წლის წინ), თუ ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი, მეგობრების ხელით ვაწვდიდი ფულს. 

მომავალ მეუღლეს, ვაგანოვას სახელობის სასწავლებლის  კურსდამთავრებულსა და საოპერო ბალეტის სოლისტს, ვახტანგ კიკაბიძე უნგრეთში გასტროლებისას შეხვდა. ახალგაზრდებმა ერთმანეთი ძალიან საინტერესო ვითარებაში გაიცნეს. 

— კონცერტების შემდეგ ვიკრიბებოდით, ჩაის ვსვამდით და შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. ძალიან დაბალი ჯამაგირი გვქონდა, მაგრამ რაღაც სხვანაირ ადამაინებად მიგვაჩნდა თავები, იმიტომ რომ ხალხი ჩვენს სანახავად დადიოდა. სასტუმრო „ბუდაპეშტში“ ვცხოვრობდით. უცბად გარედან საშინელი ყვირილი და მანქანის მუხრუჭების ჭრიალი შემომესმა, ხალხი სადღაც გარბოდა, ხტებოდა… პანიკა იყო. გვეგონა გადატრიალება ხდებოდა. ქვევით ჩავცვივდით და გაირკვა, რომ კენედი მოეკლათ და ეს ყველაფერი ამაზე რეაქცია ყოფილა. ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან შეშინდა. მახსოვს, ტირილი დაიწყო. ხელები მოვხვიე და აღარც გამიშვია (იღიმება). უკვე 50 წელზე მეტია, ერთად ვართ. 

— ერთხელ რომელიღაც ინტერვიუში თქვით, რომ მიმეტოვებინა, მოკვდებოდაო. ასეთი ძლიერი გრძნობები გაკავშირებთ?

— იცით, საქმე რა არის? არ მიყვარს „მორბენალი“ კაცები. ახლა ძალიან მოდაშია მეგობრისთვის ოლის წართმევა. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შიძლება ვიღაც შეუყვარდეს კაცს, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ახლობლისთვის მისი გაფუჭება არ შეიძლება. და არა მარტო ახლობლისთვის, საერთოდ არავისთვის შეიძლება ცხოვრების გაფუჭება. 

— რა არის თქვენთვის ჭეშმარიტი ბედნიერება? 

— აქამდე ეს არც მესმოდა გლობალურად. მაგრამ ბოლო წლებში მივხვდი, რომ ეს მშვიდი ცხოვრებაა. იმიტომ რომ ბოლო წლებში ბევრმა ისეთმა საშინელმა პრობლემამ იჩინა თავი, რომ სიცოცხლის ხალისის დააკარგინა ადამიანებს… აქედან 30–40 კილომეტრში რაღაც ბარიერები დგას. პოლიტიკა ბინძური რამაა, ძალიან ბინძური. ჩვენს უზარმაზარ ქვეყანაში თავის დროზე ისეთი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის გადაკეთებაც ძალიან ძნელია. ალბათ, რამდენიმე თაობა უნდა წავიდეს, რომ ეს დიდი, მდიდარი, განათლებული და ჭკვიანი ქვეყანა გათანამედროვდეს.  საწყენია, რომ ამას ვერ მოვესწრებით. არადა, ადამიანებს ხომ უბრალოდ ცხოვრება, სამსახური, შვილები უნდათ? ადრე, თუ ყურადღება მიგიქცევიათ, ასე ათი, თხუთმეტი თუ ოცი წლის წინ, გოგო რომ ქუჩაში მიდიოდა, ბიჭებს თვალებში ცეცხლი ენთოთ. ახლა ასე აღარ არის… 

— რატომ?

— სხვა რამეზე ფიქრობენ, ხვდებით? ფიქრობენ, სად იშოვონ ფული და როგორ მოიწყონ ცხოვრება. ახალგაზრდობა მიუხედავია, არავის აინტერესებს ისინი და ამ ყველაფერს ერთად „ცუდი ცხოვრება“ ჰქვია. 

— და ვინაა ამაში დამნაშავე?

— სისტემა. ახალგაზრდობაში სულ იმ აზრით ვიღვიძებდი, სად რა მეშოვა. სად მეშოვა ჯინსები, სად მეშოვა ყველი, სად მეშოვა ძეხვი… სახლი რომ ავიშენეთ, სამი თვე ვერ ვიძინებდი აქ. 

— სიხარულისგან?

— არა. რვა კვადრატულში ძილს ვიყავი მიჩვეული. დღისით მოვდიოდი და ღამით მივდიოდი. სამი–ოთხი თვის მერე ძალიან დამათვრეს, დავრჩი და, როგორც იქნა, გადავლახე მიჯნა. ეს ყველაფერი ხელს მიშლიდა. არაფერი ამაში კარგი არ არის.

— მაგრამ, ასეთი ცხოვრება რომ არ გამოგევლოთ, იქნებ არც გამოსულიყავით ის, ვინც ხართ?

— შეიძლება. უბრალოდ, კაცი რომ იბადება, პრინციპში, ბედნიერი უნდა იყოს. და როცა ადამიანი მოგზაურობას იწყებს  (ხუთივე კონტინენტი მოვლილი მაქვს) და ხედავს, თანდათან ხვდება, რომ რატომღაც ქაქში ცხოვრობს. მასაც აქვს თავი, ორი ხელი და ორი ფეხი. იქ კიდევ ადამიანები მდინარეებს უვლიან, რომ წყალი არ მოიწამლოს, ქუჩებს ასუფთავებენ, ლამაზ და გამძლე სახლებს აშენებენ და არა იაფფასიანებს. სულ სხვა სისტემაა. უცხოეთში გასტროლებზე რომ მივდიოდით, კონცერტის მერე ჟურნალისტები შემოდიოდნენ და როცა იგებდნენ, საიდან ვიყავით ჩასულები, შუბლები ეჭმუხნებოდათ. ეს იმიტომ, რომ მათ არ სიამოვნებდათ სსრკ–ს გაგონება. სიტყვა „ტავარიშჩი“ არცერთ სხვა სიტყვაში ასე არ ჟღერს: „იშჩი ტავარ“. 

ყველა ფენას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს: ბიზნესმენი ბიზნესს უნდა აკეთებდეს, უნდა ქირაობდეს ხალხს, ვისაც ამის ნიჭი არ აქვს. ისინი უნდა მუშაობდნენ და ქმნიდნენ, ბიზნესმენი კი ფულს უნდა უხდიდეს. ეს ყველაფერი გამოცდილია და ამ ყველაფერს ჰქვია კა–პი–ტა–ლიზ–მი! ჩვენშიკი ეს სალანძღავი სიტყვა იყო. 

— ბატონო ბუბა, მოდით, ცუდზე ნუ ვილაპარაკებთ. იცით, რა მითხარით? სოციალურ ქსელებში მეტად პოპულარულია თქვენი გამონათქვამი კავკასიელებზე. სად თქვით ეს სიტყვები?

— ეს ჩემი წიგნის წინასტყვაობაა. „როცა „კავკასიური ეროვნების პირი“ გესაუბრებათ, არ მიიჩნიოთ ის სულელად მისი აქცენტისა და გრამატიკული შეცდომების გამო. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ეს პირი თქვეს ენაზე გესაუბრებათ, მშობლიური ენა ბრწყინვალედ იცის, რომელიც თქვენ საერთოდ არ გესმით“. 

— ხასიათის რა თვისებებს აფასებთ მეგობრებში?

— იცით, ისეთი ხალხიც შემხვედრია, მეგობარი საერთოდ რომ არ ჰყოლია. ეს ზალიან საოცარი რამაა, აუხსნელი. მეგობარი ზურგია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა და სხვისთვის როგორაა, არ ვიცი. ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა. მე რომ სამოგზაუროდ ვიყავი წასული, ჩემი შვილები იმათ დაჰყავდათ სკოლაში… თანდათან მიდიან ჩემი მეგობრები — ზოგი დავმარხე, ზოგი ცოცხალია და ასე. ცოლი სულ მეუბნება, ყველაფერი უკუღმა გაქვსო: პირველ ადგილზე სამშობლო, მეორეზე — მეგობრები, ესამეზე — ოჯახი. ვეუბნები, ეგ პრეტენზიები დედაჩემს მიართვი, იმან გამზარდა ასე–მეთქი.

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИკადრი ფილმიდან ვერის უბნის მელოდიები
კადრი ფილმიდან ვერის უბნის მელოდიები - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან ვერის უბნის მელოდიები

— რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

— ზარმაცი ვარ ყველაფერში ხელოვნების გარდა. მაგაში შრომისმოყვარე ვარ. ახლა, ჩემს ასაკში, ფიქრი უფრო იოლია. საერთოდ კი ცხოვრებაში სწორედ სიარული ძნელია. 

— და იქნებ უინტერესოც?

— არ ვიცი, მაგრამ 80% არასწორად დადის. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, სხვებისთვის უნდა იცხოვრო, შენთვის კი არაო. მაშინ არ მესმოდა. ახლაღა ვხვდები, რომ მართალი იყო. თუ შეგიძლია, უნდა დაეხმარო. არ მესმის იმ ხალხისა, მილიონრები და მილიარდერები რომ არიან და სხვებს არ ეხმარებიან. ფულთან სულ სხვა დამოკიდებულება უნდა გქონდეს. ფული კარგია, საჭიროა, ბედნიერება მოაქვს, მაგრამ მთელი საქმე მაგაში არ არის. მთელი საქმე შენს თავშია და შენს ტვინში. რისთვის აგროვებ ფულს? ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგობრები ფულს მიდებდნენ ხოლმე ჯიბეში (იმიტომ, რომ მაშინ კაპიკებს მიხდიდნენ) —სამ მანეთს, ხუთ მანეთს სიგარეტისთვის. ამას ვერასდროს დავივიწყებ. ახლა ისინი ყველანი უმუშევრები არიან და მე ვეხმარები. ბედნიერებაც ესაა, როცა შენს გარშემო ისეთი ხალხია, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

— ქალებში რას აფასებთ ყველაზე მეტად? 

— ქალი მაინც უნდა იყოს ჭკვიანი, იმიტომ, რომ ჭკვიანი ქალი ყოველთვის ლამაზად გეჩვენება. 

— ნუთუ?

— ეს ჩემი აზრია. მე, მაგალითად, ძალიან მომწონდა ულამაზო ქალი კლავდია შულჟენკო. იმიტომ, რომ სიმღერას რომ იწყებდა, უცბად მშვენიერი ხდებოდა. ეტყობა, რაღაც სხვანაირად ვრეაგირებ ამაზე. სხვა შემთხვევაში, როცა ქალი ძალიან ლამაზია და თავში არაფერი აქვს, ეს სამწუხაროა.  

— როგორია ოჯახური ბედნიერების ფორმულა?

— ბავშვობაში მატარებლით როცა მივდიოდი სადმე, ყრუ–მუნჯები გვხვდებოდნენ (ვითომ ყრუ–მუნჯები), სურათებს ყიდიდნენ ხოლმე. ერთი ფოტო ჰქონდათ: ქალისა და კაცის პროფილი წარწერით „Голубки“. მერე ეწერა ფრაზა: „Люби меня, как я тебя. И будем верные друзья“. ასე რომ, ჩემი პასუხია პატივისცემა. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ ოჯახი შემქნა. ეს სიყვარულია, რომელიც თანდათან ტრანსფორმირდება — ალბათ, ასაკთან ერთად. სხვაგვარად ვერ იქნება. 

— და რაში ტრანსფორმირდება?

— მეგობრობაში, პატივისცემაში — ყველაფერში, რაშიც გნებავთ. 

— დროთა განმავლობაში ადამიანი ძალიან მშობლიური ხდება.

— რა თქმა უნდა. ეს შენი შვილების დედაა. სიმღერა დავწერე და ცოლს ვუთხარი, სიმღერა მოგიძღვენი–მეთქი. იქ ასეთი მისამღერია: 

Милая моя, мать моих детей, 

Бабушка внуков моих. 

Я молю Всевышнего первым умереть, 

чтобы не увидеть слез твоих.

ცოლმა მითხრა, შენ ამ სიმღერას არ იმღერებო. რატომ–მეთქი და, „ბაბუშკა“ მოაშორეო. საწყენია, კარგი სიმღერა იყო…

— არ გიმღერიათ?

— არა. ხომ არ ვაწყენინებდი?


ყველა ახალი ამბავი
0