თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამტკიცებს, რომ ქართული მხარის მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.
საქართველოში ვიზიტის დროს, სამშაბათს პოროშენკომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს უკრაინისთვის სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არ მიუმართავს და, შესაბამისად, ეს საკითხი არ განუხილავთ. მოგვიანებით ქართულ მასმედიაში გამოაქვეყნეს საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებები, რომლებიც ამ ინფორმაციას ადასტურებს.
„სამწუხაროდ, ამის თაობაზე არ ვიცოდი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ ექსტრადიციაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა", — განაცხადა პოროშენკომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოში შეხვედრების დროს არ განხილულა. თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, "ეს ძალოვანი სტრუქტურებისა და გენერალური პროკურატურის პრეროგატივა იქნება, რომელიც დამნაშავის ექსტრადიციის ნებისმიერ მოთხოვნას დიდი გულისყურით განიხილავს".
„საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. თუმცა, ამ საქმეში მე არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. მთლიანობაში, სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არა აქვს, თუ კრიმინალი დადასტურდა, რა თქმა უნდა, შესაბამისად ვიმოქმედებთ", — აღნიშნა პოროშენკომ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალური უარი. ჩვენი მოთხოვნა გაგზავნილი, დასაბუთებული იყო, მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე მისაღები. ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ", — განაცხადა წულუკიანმა.
პოროშენკო საქართველოში ოფიციალური, სახელმწიფო ვიზიტით 17 ივლისს ჩამოვიდა და უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს — ეს ბოლო 22 წლის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი პირველი ვიზიტია.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი ის თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწოფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით. ამჟამად სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.