თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის არ მიუმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად კი ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
"ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არც აქ და არც უკრაინაში არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხია და მხოლოდ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ამ თემაზე. მანამდე ამ საკითხზე სათქმელი არაფერი მაქვს", — განუცხადა პოროშენკომ ჟურნალისტებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამასთან, მან თავი შეიკავა პასუხისგან კითხვაზე, რას მოიმოქმედებდა უკრაინა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უკრაინულ მხარეს ასეთი თხოვნით მიმართავს.
"ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული ან სოციალური პრობლემები საქართველოსთან ურთიერთობაში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანი არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს", — განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი ის თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწოფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით. ამჟამად სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა არის გამოცხადებული.