თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის ამჟამინდელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი დადებითად შეაფასა.
პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ორშაბათს ეწვია. მას ახლავს მეუღლე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესმენები. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
"მახარებს, რომ როგორც იქნა, პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ურთიერთობები უნდა განვითარდეს, როგორიც არ უნდა იყვნენ ახლანდელი ლიდერები", — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ექს-პრეზიდენტმა აგრეთვე საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით იხუმრა.
"არ ვიცი, იცის თუ არა პეტრო ალექსეევიჩმა, მაგრამ ახლანდელმა ხელისუფლებამ საქართველოში ჩემ წინააღმდეგ უცხოელი სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით საქმე აღძრა, და იქ, სხვა ბრალდებებთან ერთად, ფიგურირებს "ვიქტორ იუშენკოს აბანოს 28 ევროს ღირებულების მომსახურება". ასე რომ, იმედი მაქვს, პოროშენკომ კიევიდან პირსახოცი და საპონი წაიყოლა რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად", — აღნიშნა სააკაშვილმა.
2015 წლიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში გაცივება შეიმჩნეოდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, უკრაინასთან ასეთი ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა.
საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამჟამად ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი სააკაშვილი თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил).