თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს არ შეეხებიან, განუცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს.
პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 17 ივლისს ეწვევა. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია რიგი შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
"უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში არ იხილავენ სხვა ქვეყნისთვის მათი მოქალაქის გადაცემის საკითხს, თუნდაც საგამოძიებო სტრუქტურებს ბევრი შეკითხვები ჰქონდეს, ისევე, როგორც საზოგადოებას სააკაშვილისადმი", — განაცხადა ვოლსკიმ.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, ხოლო 2015 წლის მაისში მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.
ამჟამად ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.