თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი გახსნეს.
მეწარმეების შეხვედრაში 120 ქართული და 34 უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
„დღეს თბილისში ჩვენთან ერთად უკრაინელი მეწარმეებისა და ტურისტების დელეგაცია იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას პრაქტიკული რეალიზაცია გააჩნია. სამწუხაროდ, საქართველოს და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს არც ისე ხშირად ხვდებოდნენ — უკრაინული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 22 წლის წინ — 1995 წელს შედგა", — განაცხადა პოროშენკომ.
თუმცა ამიერიდან ქვეყნებს შორის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდება, აღნიშნა მან.
„საქართველოს მთავრობის ვიზიტს შემოდგომაზე ველით. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით კოორდინირებული მუშაობა გვჭირდება. გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ", — განაცხადა პოროშენკომ.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მოსალოდნელია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ინდოეთთან, რადგან არსებობს ორმხრივი დაინტერესება და შესაბამისი კონსულტაციები დაწყებულია.
პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის უკრაინა მერვე ადგილს იკავებს. "საქსტატის" მონაცემებით, 2016 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 491 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ამასთან, ექსპორტის წილი 73,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი იყო, ხოლო იმპორტის — დაახლოებით 417,8 მლნ აშშ დოლარი.
„საქსტატის" მონაცემებით, 2016 წლის მეოთხე კვარტლის შედეგების მიხედვით, 1996 წლიდან მოყოლებული უკრაინის მიერ საქართველოში განხორცილებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 39,9 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოში უკრაინული კაპიტალით შექმნილი 50 კომპანია ფუნქციონირებს.