თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ორშაბათს ეწვია. მას ახლავს მეუღლე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესმენები. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიმყოფებოდე საქართველოში ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნები საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ… უკრაინელებს მტკიცედ სწამთ, რომ როგორც ადრე, რთულ დროში, უკრაინელებს მოძმე ქართველი ხალხის იმედი უნდა ჰქონდეთ ისევე, როგორც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. ასე იყო 2008 წელს, ასე იყო 2014 წელს, და ახლაც ასე არის", — განაცხადა პოროშენკომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან მადლობა გადაუხადა იმ ქართველებს, რომლებმაც 2014 წელს უკრაინაში ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად გაემგზავრნენ, და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი და განაცხადა: "ეს ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის ნდობის უმაღლესი ფორმაა".
"ბოდიშს ვიხდი, რომ უკვე 22 წელი გავიდა, რაც საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი არ შემდგარა. ბოლო პრეზიდენტი საქართველოში 1995 წელს არის ნამყოფი", — აღნიშნა პოროშენკომ.