თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს და მას შემდეგ სავაჭრო და პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება.
საქართველომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს 105 ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებას, მათ შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2017 წლის პირველ კვარტალში 104 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ამასთან ექსპორტის წილი 17 მლნ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო იმპორტზე 87,7 მლნ აშშ დოლარი მოდის.
საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობების პიკი 2011 წელს იყო, როდესაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საქართველოსა და უკრაინას შორის 833,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ამასთან ექსპორტის წილი დაახლოებით 142 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო იმპორტის — 691,8 მლნ აშშ დოლარს.
2016 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 491 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ამასთან, ექსპორტის წილი 73,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი იყო, ხოლო იმპორტის — დაახლოებით 417,8 მლნ აშშ დოლარი.
საქართველო უკრაინაში აგზავნის ეთილის სპირტსა და სპირტიან სასმელებს, ღვინოს, მინერალურ წყლებს, სარკინიგზო ლოკომოტივებს, ფეროშენადნობებს; ყიდულობს — სიგარეტებს, არმატურასა და მის ნახევარფაბრიკატებს, მზესუმზირის ზეთსა და ქვანახშირის კოქსს.
2016 წელს უკრაინას ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ მეორე ადგილი ეკავა. ერთ წელიწადში უკრაინაში გაიტანეს 5,8 მლნ ბოთლი ღვინო. 2017 წლის პირველ კვარტალში უკრაინამ იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა — შეიძინა 1,3 მლნ ბოთლი ღვინო.
ამას გარდა, უკრაინა იმ ქვეყნების ხუთეულში შედის, საიდანაც საქართველოს აქტიურად სტუმრობენ. 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უკრაინიდან დაახლოებით 68 ათასი ადამიანი ეწვია, გასულ წელს — 141,7 ათასი.