თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ორშაბათს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, რომელშიც შედიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესმენები, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ვიზიტის პროგრამის თანახმად, 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მასმედიის წამომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის მსვლელობისას პოროშენკო გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს (გმირთა მოედანზე), ასევე ეწვევა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს.
გარდა ამისა, პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურვალეთში ჩავა.
ასევე გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში პოროშენკო საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
აჭარასა და სვანეთს უკრაინის პრეზიდენტი 19 ივლისს ესტუმრება. აჭარაში ის შეხვდება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ზურაბ პატარაძეს, ხოლო დაბა მესტიაში დაათვალიერებს მარგიანის სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმსა და სვანურ კოშკებს.
გარდა ამისა, პოროშენკო მარგველაშვილთან ერთად გახსნის ქართულ-უკრაინულ საინვესტიციო ფორუმს და მასში მონაწილეობას მიიღებს.