თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელი კოლეგის პეტრო პოროშენკოს თბილისში მომავალი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემის წამოწევას არ აპირებს, განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
საქართველოში პოროშენკოს ვიზიტი 2017 წლის ივლისშია დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება.
"უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს", — განაცხადა მიშველაძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მანამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან სამშობლოში ექსტრადირება შეუძლებელია, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობა დაიკავა. 2015 წლის 30 მაისს სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, მანამდე კი მთავრობის მრჩეველი იყო. 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისათვის 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გაფლანგვის ფაქტზე. ამჟამად ქვეყნის ექს-პრეზიდენტზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.