თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ყაზახეთში მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალ "ევრაზიის" პროგრამის მონაწილე გახდა რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი".
ფესტივალი ასტანაში 22-28 ივლისს ჩატარდება. 2017 წელს საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო" საერთაშორისო კინოფესტივალ "ევრაზიის" საინფორმაციო პარტნიორია.
საერთაშორისო კინოფესტივალი "ევრაზია" ცენტრალური აზიის უმსხვილესი კინოფორუმია, რომელიც პროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ აკრედიტებულია А კლასის ისეთი ფესტივალების გვერდით, როგორიცაა კანის, ბერლინისა და ვენეციის ფესტივალები.
კინოფესტივალი "ევრაზია" ყაზახეთში 1998 წელს დაარსდა. მას ყაზახეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ატარებს.
საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია; პირველი იყო "გრძელი ნათელი დღეები", რომელსაც დიდი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა.
ფილმი ერთ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო ცხოვრობენ.
მარინას არ ჰყავს საყვარელი, არც რაიმე დაფარული მოტივი აქვს, ის, უბრალოდ, მშვიდ ადგილზე გამგზავრებაზე ოცნებობს, სადაც შეძლებს დასვენებას, მოდუნებას, სიმშვიდით დატკბობას და დედისა და მეუღლის მოვალეობებისგან გათავისუფლებას.
ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემა — ესაა ქალის როლი ქართულ ოჯახში და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებებისადმი.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს საერთაშორისო კინოფესტივალი "სანდენსის" ფარგლებში გაიმართა, სადაც ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ყაზახეთის საერთაშორისო კინოფესტივალ "ევრაზიაზე" 2016 წელს საქართველოდან წარდგენილი იყო რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი", რომელმაც კინოფესტივალის ორი ჯილდო მიიღო — გრან-პრი და NETPAC-ის პრიზი.