გამარჯვება კარლოვი ვარში: ქართულმა ფილმმა "დედე" ჟიურის პრიზი დაიმსახურა

გამოწერა
„დედე" ფილმ „დინოლას" სრულმეტრაჟიანი ვერსიაა, რომელიც რეჟისორის ბებიის რეალურ ისტორიას ეფუძნება — ახალდაქვრივებულ ქალს გათხოვებას და ბავშვის ქმრის მშობლებისთვის დატოვებას აიძულებდნენ.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დედე" კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისს დაიწყო და 8 ივლისს დასრულდა.

ხაჭვანის ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერა ამ კინოფესტივალზე შედგა, მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West და ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმი „დედე" სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღება სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. მსახიობთა უმრავლესობა სვანები არიან და ფილმში უმეტესად სვანური საუბარი ისმის.

თავად რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი "დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა.

კარლოვი ვარში ჯილდო ხაჭვანმა ფილმის პროდიუსერთან ვლადიმერ კაჭარავასთან ერთად მიიღო.

2016 წელს კარლოვი ვარში საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში East of the West ასევე პრიზი გადაეცა რუსუდან გლურჯიძის ფილმს „უცხო სახლი".

კადრი ფილმიდან დინოლა - Sputnik საქართველო
ფილმი სვანური მკაცრი ტრადიციების შესახებ ერაყში საუკეთესოდ აღიარეს

ხაჭვანის ფილმ „დედეს" გარდა, 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის მონაწილე ქართველი რეჟისორების კიდევ ორი ფილმი გახდა. კინოფორუმის მთავარ საკონკურსო პროგრამაში საქართველოს წარმოადგენდა გიორგი ოვაშვილის ბოლო სურათი „ხიბულა", რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბოლო 50 დღეზე მოგვითხრობს. საქართველოს სახელით სექციაში Future Frames: Ten New Filmmakers To Follow მონაწილეობდა ქართველი რეჟისორი გიორგი მუხაძე სადიპლომო ნამუშევრით "ანას მოლოდინში". ფილმი მოგვითხრობს და-ძმაზე, რომლებიც დედის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობების აღდგენას ცდილობენ.

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 1946 წელს დაარსდა, 1956 წლიდან ის А კატეგორიას განეკუთვნება. ფესტივალის მთავარი კონკურსის გამარჯვებულს „ბროლის გლობუსი" გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0