თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Amarji International Film Festival გამარჯვებული გახდა. ფესტივალი ერაყში მაისში გაიმართა.
როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, "დინოლა" კინოფორუმის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და მას კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა.
„AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL მართალია, წელს მხოლოდ მეორედ ჩატარდა, მაგრამ კინოფესტივალი ერაყში უკვე პოპულარობით სარგებლობს და 3000 სტუმარს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან", — აღნიშნულია ქართული კინოცენტრის განცხადებაში.
ფილმის ისტორია რეალურ მოვლენებს ეფუძნება — მარიამ ხაჭვანის ბებიის ცხოვრებას. სიუჟეტით, ახლადდაქვრივებულ ქალს გათხოვებას და ბავშვის ქმრის მშობლებისთვის დატოვებას, თვითონ კი ახალ ქმართან ახალი ცხოვრების დაწყებას აიძულებენ.
რეჟისორის თქმით, ამ სასტიკმა ტრადიციამ თავის დროზე მრავალი ბავშვი დააშორა დედას.
"დინოლა" 2013 წლის მარტში გადაიღეს. მას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ფესტივალებზე უკვე ჰქონდა მრავალი წარმატება.
ამჟამად რეჟისორმა უკვე დაასრულა მუშაობა "დინოლას" სრულმეტრაჟიან ვერსიაზე, რომელსაც "დედე" (სვანურად — დედა) ეწოდება. ფილმი მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება.