თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართული დრამის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" წარმატებები საერთაშორისო არენაზე გრძელდება — ამჯერად ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გრასის რეჟისორული წყვილის სურათმა ჰონგ-კონგში გაიმარჯვა.
ყოველწლიური ღონისძიება — ჰონგ-კონგის კინოპრემია (Hong Kong Film Awards) 11-25 აპრილს გაიმართა.
კინოპრემია 1982 წელს დაარსდა. ის ჰონგ-კონგელ მაყურებელს ყოველწლიურად აცნობს აზიური და ევროპული კინემატოგრაფის სიახლეებს. კინოფესტივალზე ჯილდოებით აღინიშნება მიღწევები რეჟისურაში, სამსახიობო ხელოვნებაში, სასცენარო და საოპერატორო ხელოვნებაში. ჰონგ-კონგში ეს კინოპრემია ამერიკული კინოაკადემიის "ოსკარისა" და ბრიტანული BAFTA-ს ჯილდოების ეკვივალენტად მიიჩნევა.
საერთაშორისო ჟიურის თამჯდომარე პოლონელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი აგნიეშკა ჰოლანდი გახლდათ.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჰონკონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა! ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო, "ცეცხლოვანი ფრინველი" საუკეთესო ფილმისათვის გადაეცა", — აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე.
ფილმი ერთ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო ცხოვრობენ. მარინას არ ჰყავს საყვარელი, არც რაიმე დაფარული მოტივი აქვს, ის, უბრალოდ, მშვიდ ადგილზე გამგზავრებაზე ოცნებობს, სადაც შეძლებს დასვენებას, მოდუნებას, სიმშვიდით დატკბობას და დედისა და მეუღლის მოვალეობებისგან გათავისუფლებას.
ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემა — ესაა ქალის როლი ქართულ ოჯახში და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებებისადმი.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს საერთაშორისო კინოფესტივალის, "სენდენსის" ფარგლებში გაიმართა, სადაც ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.