თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს მილიონიანი ზარალი ელოდება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ქართული კომპანიისთვის რუსეთში ფრენების შეზღუდვას ეხება, იუწყება РИА Новости კომპანიის გენდირექტორ რობერტ ოგანესიანზე დაყრდნობით.
რუსულმა მხარემ Georgian Airways-თვის შეზღუდვების დაწესება იმის საპასუხო ზომად ახსნა, რომ ქართული ავიახელისუფლება მაისიდან მოყოლებული რუსულ ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებს" ზაფხულის განრიგით პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ოთხი რეისის შესრულების ნებას არ რთავს.
„ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი მილიონი იქნება, რადგან საფუძვლიანად დათვლაა საჭირო — ესაა სასტუმროები, კომპენსაციები და მსგავსი რამეები“, — განაცხადა ოგანესიანმა რადიოეთერში „გოვორიტ მოსკვა“.
როგორც მან განმარტა, ავიარეისები ოქტომბრის ბოლომდე იქნება გაუქმებული.
არსებულ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა. მისი სიტყვებით, გაუქმდა დილის ოთხი რეისი — ოთხშბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. თუმცა, გამონაკლისის სახით კვირის დილის რეისი შესრულდება, სხვა დღეებში კი მგზავრებს სხვადასხვა რეისებზე გადაანაწილებენ.
„მგზავრებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, — განაცხადა მან.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს.
დავითაშვილს მიაჩნია, რომ ჟუკოვსკის აეროპორტთან დაკავშირებით საკითხი არ შეიძლება შეზღუდვის მთავარი მიზეზი იყოს.
„ჟუკოვსკის აეროპორტის თემა საერთოდ ცალკე თემაა. უთანხმოება იმის გამო წარმოიქმნა, რომ ჩვენი აზრით ჟუკოვსკის აეროპორტი იგივე მოსკოვის აეროპორტია და მისგან არაფრით განსხვავდება. მეორე, მოცემულაეროპორტთან დაკავშირებით ავიაკომპანიებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა და მესამე — ჟუკოვსკის აეროპორტთან დაკავშირებით უთანხმოების გამო რუსეთის მხარემ ჩვენ უკვე გვიპასუხა, როდესაც ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარი გაგვიცხადა“, — განაცხადა დავითაშვილმა.
დღეს რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლას რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი და "აეროფლოტი", ხოლო საქართველოს მხრიდან — Georgian Airways-ი ახორციელებენ.
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველ კვირას 60-მდე რეისს ასრულებენ, ხოლო ქართული კომპანია რუსეთის მიმართულებით — 20-მდე რეისს.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს გაუქმდა, თუმცა, მოგვიანებით გარკვეული პერიოდით აღდგა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ კი კვლავ გაუქმდა. საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ 2014 წლის 15 სექტემბრიდან აღდგა.